
თელავის ხევის 10-მეტრიან ზონაში არსებული ყველა შენობის დემონტაჟი მოხდება - სამხარაულის დასკვნის დეტალები
თელავის ხევის მიმდებარედ, 10 მეტრის ზონაში არსებულ ყველა შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება. მათ შორის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს. ამის შესახებ თელავის მერმა, ვაჟა მაღრაძემ ჟურნალისტებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
თელავის მერის განმარტებით, სამხარაულის დასკვნის შესახებ ინფორმირებულია ყველა ბინის მესაკუთრე და ისინი მიიღებენ ალტერნატიულ ფართს ან შესაბამის კომპენსაციას.
„მოგეხსენებათ, 12 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, თელავს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. მათ შორის, ვარდოშვილის ქუჩასა და მიმდებარედ არსებულ შენობებს ძირი გამოაცალა და ზოგიერთს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი.
მაშინვე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა სამხარაულის ბიურომ. სწორედ 2 დღის წინ მივიღეთ დასკვნა, სადაც გაანალიზებულია ყველა შენობის მდგრადობა სამომავლო პერსპექტივის სახით.
არის შენობები, სადაც დაწყებულია სერიოზული რღვევა და ეს ვიზუალურადაც ჩანს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე გადაკეტილია ეს ქუჩა. არის შენობები, რომელსაც ასევე ვიზუალურად არ ემჩნევა რღვევა, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს ამ შენობების [ნგრევა]. სათითაოდ არის გაანალიზებული ყველა შენობის მდგომარეობა.
ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, ან კომპენსაცია. გამოიკვეთა, რომ ბევრს კომპენსაცია სურდა და მოძებნიდა თავად ალტერნატიულ ფართს. ყველა შენობის შეფასება მოხდება“, - განაცხადა თელავის მერმა.
ჟურნალისტების კითხვებზე ვაჟა მაღრაძემ შემდეგი განმარტებები გააკეთა:
ნებართვებთან დაკავშირებით:
„მე არ ვამბობ, რომ ნებართვა გაიცა. ეგ საკითხი ამ მომენტში არ არის. მე გეუბნებით, რომ აკრძალულია, მდინარის კალაპოტის კიდიდან, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, 10 მეტრზე ახლოს არანაირი შენობის აშენება არ შეიძლება. დანარჩენზე ამ მომენტში ვერ გეტყვით.“
მეპატრონეებთან შეხვედრაზე:
„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მათი სურვილები ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიგვეტანა — ეს იქნებოდა სხვა ფართის შეძენა თუ კომპენსაცია. საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ მეტ ადამიანს კომპენსაციის მიღება სურდა, რათა შემდეგ თავად მოეძებნა ალტერნატიული საცხოვრებელი.“
კომპენსაციის ოდენობაზე:
„ამაზე საუბრის უფლებამოსილება არ მაქვს. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შენობა შეფასდება. შეფასებას სამხარაულის ექსპერტიზა განახორციელებს და კომპენსაცია საბაზრო ფასების მიხედვით განისაზღვრება, როგორც ეს კანონით არის დადგენილი.“
დემონტაჟის ვადებზე:
„კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის. სტიქია ფორსმაჟორული ვითარებაა და ამ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.“
ფინანსურად დაზარალებულ მფლობელებზე:
„ამ საკითხს კოლექტიური ორგანოები განიხილავენ და ისინი გადაწყვეტენ, რა ფორმით მოხდება დახმარება კომპენსაციის თუ სხვა სახის ანაზღაურების გზით.“
წინააღმდეგობაზე მოსახლეობის მხრიდან:
„თავიდან რამდენიმე მფლობელი ამბობდა, რომ მათი შენობა მყარი იყო, მაგრამ როდესაც ავუხსენით არსებული მდგომარეობა და კანონით დადგენილი მოთხოვნები, მიხვდნენ, რომ ასეთ ადგილზე შენობის დატოვებას აზრი არ ჰქონდა.“
რომელ ტერიტორიებს შეეხება დემონტაჟი:
„ვარდოშვილის ქუჩა, ალაზნის გამზირი და ხევისკენ განლაგებული ის შენობები, სადაც 10-მეტრიანი დაცვის ზონა არ არის დაცული. ყველა ასეთი შენობის დემონტაჟი მოხდება.“
სამშენებლო ნებართვების გადახედვაზე:
„ამაზე ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, შენობებიდან დარჩენილი ნივთები გაიტანონ. ნებართვების საკითხზე ამ მომენტში კომენტარს ვერ გავაკეთებ.“
ცნობისთვის, 12 ივლისს მოსულმა სტიქიამ თელავს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თელავის ხევში წამოსულმა ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა.
BM.GE
წყარო: bm.ge