მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული
The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 00:10|bm.ge

სხვადასხვა დისციპლინის 3 000-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის სათაურში "ბითლზის" სიმღერების სახელწოდებები და ტექსტებია გამოყენებული - ამის შესახებ ნიდერლანდების დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრის, გაბრიელ ბუდელისა და მისი კოლეგების კვლევაშია ნათქვამი, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

ეს ანალიზი უპრეცედენტოდ მასშტაბური, ინტერდისციპლინური ნაშრომია იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა ლეგენდარულმა ჯგუფმა კვალი აკადემიურ წერაზე.

საქმე ისაა, რომ მკვლევრები თავიანთი ნაშრომების ფორმულირებისთვის ხშირად იყენებენ კულტურულ ორიენტირებს; მათ შორის, აკადემიურ პუბლიკაციებში განსაკუთრებული კვალი პოპულარულმა მუსიკამ დატოვა.

ყველა იმ შემსრულებელს შორის კი, ვინც სამეცნიერო კომუნიკაციაზე მსგავსი გავლენა მოახდინა, "ბითლზი", შესაძლოა, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული აღმოჩნდეს.

ახალ კვლევაში ბუდელმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად გვხვდება ჯგუფის სიმღერების სათაურები და ფრაგმენტები აკადემიური სტატიების სათაურებში.

სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა 2 237 ზუსტი ციტირება და შემოქმედებითი სიტყვათა თამაშის 963 შემთხვევა გამოავლინეს.

"ბითლზის" სიმღერებისა და ტექსტების წინასწარ შერჩეული სიის გამოყენებით, მათ სათაურების ავტომატიზებული ძიება და უახლესი დიდი ენობრივი მოდელები (LLM) გააერთიანეს, რათა სხვადასხვა დარგში როგორც პირდაპირი მითითებები, ისე სიტყვათა თამაში ამოეცნოთ. ანალიზმა აჩვენა, რომ მსგავსი ალუზიები მხოლოდ ერთ სფეროს არ უკავშირდება: ლიდერობს მედიცინა და სოციალური მეცნიერებები, თუმცა ჩამონათვალი ისეთ მრავალფეროვან მიმართულებებსაც მოიცავს, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ხელოვნება და ჰუმანიტარული დისციპლინები.

გარდა ამისა, "ბითლზის" ტოპ-ათეულის სიმღერების სახელწოდებები 1 584 სტატიის სათაურში ფიგურირებს, რაც საგრძნობლად აღემატება ორი სხვა ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის - მაიკლ ჯექსონისა (65 სტატია) და ელვის პრესლის (196 სტატია) - ანალოგიურ მონაცემებს.

ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმღერების სათაურები - "The Long and Winding Road" (798 სტატია), "With a Little Help from My Friends" (209 სტატია) და "Here, There and Everywhere" (129 სტატია) - სამეცნიერო პროცესის, კვლევის მიმდინარეობის, თანამშრომლობისა და აღმოჩენების შესაფერის მეტაფორებს წარმოადგენს.

სამეცნიერო ლიტერატურაში სიმღერა "All You Need Is Love"-ის მრავალი ვარიაციაც დამკვიდრდა, მათ შორის - "All you need is sleep" ("ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ძილია"). 2017 წლის სტატია "Attention is all you need" კი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო პუბლიკაციაა - Scopus-ის მონაცემებით, მას 89 737 ციტირება აქვს.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, აქედან ავტორებისთვის ნათელი პრაქტიკული გაკვეთილი იკვეთება: სწორად შერჩეულ კულტურულ ალუზიას შეუძლია ტექნიკური ნაშრომი უფრო დასამახსოვრებელი გახადოს, თუკი ეს მინიშნება შინაარსს შეესაბამება და მკითხველისთვის სიცხადეს ან ლიტერატურის ძიებისას სტატიის მოძიებადობას საფრთხეს არ უქმნის.

მსგავსი სათაურები რედაქტორებსა და მეცნიერების პოპულარიზატორებს ფართო აუდიტორიაზე გასვლაშიც ეხმარება, რადგან საერთო კულტურული საყრდენი დარგებს შორის მარტივად ვრცელდება. მთლიანობაში, კვლევა უკეთ წარმოაჩენს, თუ როგორ აყალიბებს პოპკულტურა აკადემიურ კომუნიკაციას.

"ჩვენ 3 000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ვიპოვეთ, რომელთა სათაურებიც "ბითლზისგანაა" ნასესხები. ზოგიერთი მათგანი მართლაც გენიალურია. მაგალითად, "The lung and winding road" - სტატია ხანგრძლივი კოვიდის შესახებ, სადაც მხოლოდ ერთი ხმოვანია შეცვლილი (Long-ის ნაცვლად Lung - ფილტვი). "Here comes the SU(N)" კი სიმღერა "Here Comes the Sun"-ს გარდაქმნის კვანტური გამოთვლების სტატიად მათემატიკური ჯგუფების შესახებ.

სამუშაოს ყველაზე სახალისო ნაწილი ამავდროულად ყველაზე დამღლელიც აღმოჩნდა. ენობრივმა მოდელმა ათასობით პოტენციური სათაური მონიშნა, რის შემდეგაც სამივემ თითოეული მათგანი ხელით გადავიკითხეთ, რათა დაგვედგინა, იყო თუ არა ეს რეალურად "ბითლზის" სიტყვათა თამაში. ვისხედით და ვკამათობდით, ჩათვლილიყო თუ არა "You say you want a resolution" (მინიშნება სიმღერაზე "Revolution"). საბოლოოდ ჩავთვალეთ,

დროის მხრივ საინტერესო ირონიაა: "ბითლზის" სიტყვათა თამაშის მოსაძებნად პატარა ენობრივი მოდელი გამოვიყენეთ, რომლის სუსტი წერტილიც ზუსტი მიკუთვნება იყო - მან იცოდა, როდის ხედავდა კალამბურს, მაგრამ ზუსტად ვერ განსაზღვრავდა, რომელი სიმღერიდან მოდიოდა ის. ახალი მოდელები ამას მარტივად უმკლავდებიან. სტატიიდან "Attention is all you need" დაბადებულმა მოდელებმა ფრაზაში "Love is all you need"-ის ამოცნობა უფრო სწრაფად ისწავლეს, ვიდრე ჩვენ ნაშრომის დასრულება შევძელით", - განმარტა კვლევის ავტორმა გაბრიელ ბუდელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

BM.GE

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE