
თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი LPG სადგურებისთვის გამოწერილი ჯარიმებია - ასოციაცია
თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი ფაქტორი LPG სადგურებისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმებია. როგორც BMG-სთან „თხევადი გაზის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა ხოფერია აცხადებს, ინდუსტრიისთვის ეს დამატებითი დარტყმაა, რადგან სადგურები ფინანსური წნეხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის, დედაქალაქში თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურების დაახლოებით 10% უკვე დაიხურა, დანარჩენები კი „დაჯარიმებულ რეჟიმში“ მუშაობენ.
„დედაქალაქის საკრებულომ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც [რეგულირდება] მეორადი საბურავები, გადამუშავებული ჯართი და მათ შორის, ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსების წესი. მაგრამ ეს წესი და ეს კანონი თავისი შინაარსის მიხედვით არ მოიცავს თხევად გაზს. თხევადი გაზი არის საწვავი. ეს არ არის ფეთქებადი ნივთიერება - ფეთქებადი ნივთიერება არის შესაბამისი კლასიფიკაციით განსაზღვრული ნივთიერებები. არც ადვილად აალებადია, არც ჯართია და არც მეორადი საბურავია. ეს კანონი აბსოლუტურად არ ეხება საწვავს,“ - აცხადებს ნიკა ხოფერია BMG-სთან.
მისი თქმით, თხევადი გაზის განთავსებისა და რეალიზაციის წესები საქართველოს კანონმდებლობით ცალკეა გაწერილი, რომელიც უშუალოდ თხევად გაზს ეხება და სწორედ ამ კანონის მიხედვით უნდა რეგულირდებოდეს.
ამასთან, „თხევადი გაზის ასოციაციის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ჯარიმები მერიის იურიდიულ სამსახურშია გასაჩივრებული, რადგან, მათი მოსაზრებით, ისინი კანონის ნორმებს არ შეესაბამება.
„მოლოდინებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. თუმცა საჭიროა კომუნიკაცია თბილისის მუნიციპალიტეტთან იმისთვის, რომ ყველაფერი კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს“ - აცხადებს ხოფერია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მერიასთან არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული და „მუშა რეჟიმში“ ელოდებიან „დასაბუთებულ პასუხებს“ მერიისგან.
კითხვაზე, მზად არიან თუ არა ოპერატორები მიწისზედა რეზერვუარები მიწისქვეშა სისტემებით ჩაანაცვლონ, თუ ეს მერიის მოთხოვნა იქნება, ნიკა ხოფერია განმარტავს, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა, თუმცა ამას სჭირდება დრო, ინფრასტრუქტურის მომზადება, აღჭურვილობის შემოტანა და, რაც მთავარია, მერიისგან შესაბამისი ნებართვები.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრიდან იგივე წესი რეგიონებში განთავსებულ თხევადი გაზის ობიექტებსაც შეეხება. ხოფერია იმედოვნებს, რომ რეგიონებში შეთანხმებების მიღწევა უფრო ადვილი იქნება, რადგან იქ არსებული ობიექტების პროექტები და ნებართვები უფრო მოწესრიგებულია.
მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ გატარებული ზომები დედაქალაქში საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებსა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ სადგურებს ეხება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებდნენ საქმიანობას.
ინსპექციის ცნობით, საკითხი ეხება წესების დარღვევით, ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება/რეალიზებას, რომელთან დაკავშირებული ცვლილებებიც ძალაში წელს შევიდა და ჯარიმები გაიზარდა.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წესი, სექტემბრიდან მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება და რეგიონებში განთავსებულ თხევადი გაზის სადგურებსაც შეეხება. ასეთი ობიექტების იმ ადგილებში განთავსების შემთხვევაში, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ განსაზღვრული არ არის - ფიზიკური პირები 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები − 5 000 ლარით დაჯარიმდებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge