
თხილზე შარშანდელი მაღალი ფასები წელს, სავარაუდოდ, აღარ იქნება - თემურ გოგია
ქართული თხილის კორპორაციის გენერალური დირექტორი თემურ გოგია აცხადებს, რომ წელს თხილზე ისეთივე მაღალი ფასი არ იქნება, როგორც 2025 წელს იყოს. მიზეზი თურქეთია, სადაც წელს შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან, ეს კი ქართულ თხილზე ფასს შეამცირებს.
"გასულ სეზონზე თხილზე მაღალი ფასი იმ მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა, რის გამოც გაზაფხულზე თურქეთში სერიოზული ყინვები დაფიქსირდა, ამან კი ადგილობრივ მოსავალს დიდი ზიანი მიაყენა. იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწეოდა, სასტარტო ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა. შესაბამისად, გასული სეზონით ყველა კმაყოფილი დარჩა როგორც თურქი ფერმერები, ისე ქართველებიც, რომლებმაც ნორმალური და ხარისხიანი თხილი ჩააბარეს.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, თურქეთმა მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი უკვე გამოაქვეყნა და საკმაოდ მაღალ მოსავალს ელოდება. იქ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი საკუთარ ბაღებს ჩვენზე ბევრად უკეთ უვლიან.
"როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია, ამიტომ მათი საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შარშანდელი მაღალი ფასები აღარ განმეორდება და ფასი დაბალი იქნება. წლევანდელი ფასი შარშანდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, დაბალი იქნება, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებს დაუახლოვდება. ფასი, ისევ და ისევ, პროდუქციის ხარისხზეა დამოკიდებული", - ამბობს გოგია.
რაც შეეხება ხარისხს, გოგია გვეუბნება, რომ ფაროსანასთან ერთად თხილის სექტორს წელს ახალ დაავადებასთან უწევს გამკლავება, რომელიც მთლიანად ნარგავებს ახმობს.
"მეტეოროლოგიური და გარემო პირობებიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, რადგან მავნებლებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. როგორც იცით, ჩვენს უდიდეს გამოწვევად კვლავ ფაროსანა რჩება, რასაც ახლა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ფართობების მასიური ხმობა დაემატა. ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის, თუ რა იწვევს ამ პროცესს. საკითხი სერიოზულ სამეცნიერო კვლევას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ხმობის მასიური ტენდენცია არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ გურიაშიც ფიქსირდება.
ზოგადად, საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ 50 ათას ტონამდე თხილის მოსავალი მოდიოდა. შარშანდელთან შედარებით, წელს ნორმალური მოსავლის მისაღებად ბევრად უკეთესი კლიმატური პირობები იყო გაზაფხული წვიმიანი აღმოჩნდა, თუმცა მეტეოროლოგიური ფონი სტაბილური იყო. საბოლოო ჯამში, პროდუქციის ხარისხი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დროულად ახდენს ფერმერი წამლობას და რამდენად სწორად ატარებს ყველა საჭირო აგროღონისძიებას", - აცხადებს ის.
წელს, 5 თვეში საქართველომ 68 მლნ დოლარამდე გაზარდა თხილის ექსპორტი. საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10 დოლარის ფარგლებშია, დაახლოებით 3 დოლარით მეტი შარშანდელთან შედარებით.
BM.GE
წყარო: bm.ge