
თქვენს პირობებში დიპლომატია აღარ არსებობს და როდესაც ქმნით აკადემიას, ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი - გიორგი შარაშიძე
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე "ოცნების" მიერ დიპლომატიის აკადემიის შექმნას კრიტიკულად აფასებს იმ ფონზე, რომ მისი თქმით, დიპლომატია ფაქტობრივად აღარ არსებობს.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, არის რისკი, რომ აკადემია იქნება გამოყენებული პარტიულად ერთგული კადრების გასაზრდელად.
"რა თქმა უნდა, ნორმალურ ვითარებაში დიპლომატიური აკადემიის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი ამბავია და ჩვენც ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიონალი კადრების მომზადებას განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის საგარეო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მინდა პირადად მხარდაჭერა, ჯერ გადაწყვეტილება არც გვაქვს მიღებული როგორ მოვიქცევით, მაგრამ უბრალოდ მინდა გულწრფელად გითხრათ რის გამო შეიძლება შევიკავოთ თავი. ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ დიპლომატია ფაქტობრივად დღეს, თქვენს პირობებში, აღარ არსებობს, პირდაპირ რომ ვთქვათ. იმიტომ, რომ დიპლომატიად ითვლება ჩვენი მეგობარი ქვეყნების, სტრატეგიული ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი რიტორიკა და არაერთი გვახსოვს ასეთი.
ასევე გვახსოვს ძალიან სამწუხარო მაგალითი, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სავალდებულო მუხლის დაცვის გამო რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებებიდან. და აი ამ ფონზე, როდესაც ქმნით დიპლომატიურ აკადემიას, რომლის ფაქტობრივად მაკონტროლებელი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი და გარკვეული რისკები, რაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს არ ექნება სათანადო ავტონომია და სათანადო დამოუკიდებლობა. დღეს განათლების მინისტრის ინტერპელაცია იყო და, რა თქმა უნდა, უმაღლესი სასწავლებლის ავტონომია – ეს არის ის მთავარი რამ, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ამიტომ, არავინ იცის, სამწუხაროდ, თქვენ რისთვის გამოიყენებთ ამ აკადემიას, რეალური დამოუკიდებელი, პროფესიონალი დიპლომატების გასაზრდელად თუ პარტიულად ერთგული და მიკერძოებული სპეციალისტების გასაზრდელად",- აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის შექმნა იგეგმება. პარლამენტში დიპლომატიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. შესაბამისი ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
BM.GE
წყარო: bm.ge