
TRIPP, მინერალები და სტრატეგიული პარტნიორობა - სომხეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმებები გაფორმდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებით სამ შეთანხმებას მოეწერა ხელი: "ტრამპის მარშრუტზე, მინერალებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ინდოეთიდან ერევანში ჩასულ რუბიოს აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოევი დახვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 25 მაისს გაავრცელა. სომხური მხარის ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტებზე მოეწერება ხელი.
პირველი შეთანხმება პროექტს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეხება, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეთანხმდა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა სომხეთსა და აშშ-ს შორის "კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველყოფის შესახებ“ შეთანხმებას.
„ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ TRIPP-ით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოს და აჩენს ახალ გზას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც სომხებს, ისე ამერიკელებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი "შუა დერეფნისა".
TRIPP-ზე, რომელსაც "ტრამპის მარშრუტსაც" უწოდებენ, 13 იანვარს ვაშინგტონში სომხეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. რუბიოსა და მირზოიანის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება “ტრამპის მარშრუტის” განვითარების კომპანია , რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს სომხეთის საკუთრება იქნება. სწორედ ეს კომპანია განავითარებს ახალ დერეფანს რეგიონში.
BM.GE
წყარო: bm.ge