
ცარიელი ნომრები და "ფიფას" მიერ გაუქმებული ჯავშნები - აშშ-ის სასტუმროები მსოფლიო ჩემპიონატის ჩავარდნას შიშობენ
მსოფლიო ჩემპიონატს აშშ-ში ტურისტული ბუმი უნდა გამოეწვია, თუმცა ახლა არსებობს რისკი, რომ ეს მოლოდინი, შესაძლოა, არასდროს გამართლდეს. ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების ასოციაციის (AHLA) ანგარიშმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა მასპინძელ ქალაქში ჯავშნების რაოდენობა მოლოდინს საგრძნობლად ჩამორჩება.
AHLA-ის განცხადებით, ეს არ ემთხვევა ფიფას მტკიცებას 5 მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთის შესახებ და აჩენს რისკს, რომ "მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა შესაძლოა არ შედგეს".
AHLA აშშ-ში ყველაზე მსხვილი სასტუმროების ასოციაციაა, რომელიც 32,000-ზე მეტ ობიექტსა და ფრენჩაიზით მოქმედი სასტუმროების 80%-ზე მეტს წარმოადგენს.
მისი ანგარიში ნაწილობრივ ადანაშაულებს ფიფას და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს საკუთარი საჭიროებისთვის მეტისმეტად ბევრი ნომრის დაჯავშნასა და ხელოვნური მოთხოვნის შექმნაში სდებს ბრალს.
AHLA-ს თქმით, ამან ფასების ხელოვნური ზრდა გამოიწვია, ხოლო მას შემდეგ, რაც ფიფამ ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმა, ბაზარზე ცარიელი ადგილების ვაკუუმი შეიქმნა.
ფიფა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მატჩებზე ბილეთების მაღალმა ფასებმა, ადგილობრივი ტრანსპორტისა და გადასახადების ხარჯებმა, ასევე პოლიტიკურმა ფონმა ვიზიტორები დააფრთხო. სასტუმროებისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა სრული იმედგაცრუება აღმოჩნდეს.
AHLA-ში აცხადებენ, რომ სასტუმროები წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და ოფიციალურ პროგნოზებზე დაყრდნობით "მნიშვნელოვანი ინვესტიციები" განახორციელეს.
შარშან ფიფას დაკვეთით ჩატარებული კვლევა პროგნოზირებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში 185,000 სამუშაო ადგილს შექმნიდა და მთლიან შიდა პროდუქტს 17.2 მილიარდი დოლარით გაზრდიდა.
სასტუმროები საერთაშორისო მოგზაურების ნაკადს ელოდნენ, რომლებიც უფრო დიდი ხნით რჩებიან და მეტს ხარჯავენ. თუმცა, AHLA-ს თქმით, უცხოელი ფანების სიმცირე "უფრო ფართო ეკონომიკურ გავლენას უქმნის საფრთხეს", იმ ფონზე, როცა 11 ივნისის გახსნის მატჩამდე სამი კვირა რჩება.
AHLA-ს განცხადებით, ფიფას მიერ ყველა ქალაქში გაკეთებულმა მასშტაბურმა ჯავშნებმა "შემოსავლების პროგნოზები, პერსონალის გეგმები და სამზადისი განსაზღვრა". მათი თქმით, ჯავშნების ამ პოლიტიკამ "ხელოვნური მოთხოვნა შექმნა" და ის ფაქტი შენიღბა, რომ ტურისტების ნაკადი ნავარაუდევზე ნაკლები იქნებოდა.
AHLA-ს ინფორმაციით, ფიფამ ბოსტონში, დალასში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიასა და სიეტლში დაჯავშნილი ოთახების 70%-მდე გააუქმა.
ფიფამ AHLA-ს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სასტუმროების ქსელებთან დადებულ შეთანხმებებს მიჰყვებოდა.
"ოთახების ყველა გათავისუფლება განხორციელდა სასტუმრო პარტნიორებთან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში - ეს ამ მასშტაბის ღონისძიებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა.
ბევრ შემთხვევაში ოთახების გათავისუფლება დადგენილ ვადებზე ადრეც მოხდა, რათა სასტუმროების მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა. დაგეგმვის მთელი პროცესის განმავლობაში ფიფას განთავსების გუნდი მუდმივ კონტაქტში იყო სასტუმროს წარმომადგენლებთან..." - განაცხადა ფიფას სპიკერმა.
ფასებმა პიკს წილისყრის შემდეგ მიაღწია, როგორც კი გულშემატკივრებმა გაიგეს, რომელ ქალაქებში ითამაშებდნენ მათი გუნდები. მას შემდეგ თანდათანობითი კლება შეინიშნება (ბოლო კვირებში დამატებით 20%-ით), თუმცა შესაძლოა ფანების დასაბრუნებლად უკვე გვიანი იყოს.
AHLA-მ BBC Sport-ს განუცხადა, რომ "ივნისსა და ივლისში დატვირთულობის ზრდას ელის".
"ვიცით, რომ ბევრი გულშემატკივარი ჯერ კიდევ ელოდება ბილეთებისა და განრიგის დაზუსტებას საბოლოო გეგმების შესამუშავებლად. ვფიქრობთ, მომდევნო კვირებში ჯავშნები მოიმატებს", - აღნიშნა სპიკერმა.
Airbnb აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი პლატფორმის ისტორიაში "ყველაზე დიდი ღონისძიება" იქნება და გადაასწრებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებსაც კი.
შესაძლოა, სასტუმროებს მოგების მისაღებად პლეი-ოფის ეტაპის იმედზე ყოფნა მოუწიოთ, როდესაც ფანებს ჯავშნების გაკეთება მოკლე დროში მოუწევთ. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატი პროგნოზირებულ შემოსავალს ვერ მოიტანს.
BM.GE
წყარო: bm.ge