მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წარმოდგენა, რომ სამინისტრო ყველაფრის ბატონ-პატრონია, დემოკრატიულ საზოგადოებებში არ მუშაობს - სანდრო ურუშაძე
"წარმოდგენა, რომ სამინისტრო ყველაფრის ბატონ-პატრონია, დემოკრატიულ საზოგადოებებში არ მუშაობს - სანდრო ურუშაძე

"წარმოდგენა, რომ სამინისტრო ყველაფრის ბატონ-პატრონია, დემოკრატიულ საზოგადოებებში არ მუშაობს - სანდრო ურუშაძე

BM.GE2 მაისი, 2026, 23:30|bm.ge

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მოთხოვნა მედიკამენტებზე წვდომის შესახებ სრულიად სამართლიანი და ბუნებრივია - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა და ყოფილმა მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ - როგორც კოვიდპანდემიის დროს ბიზნესმა იაქტიურა და ფონდები შექმნა, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ახლაც აანთოს "მწვანე შუქი" ალტერნატიული დაფინანსების მოსაზიდად, თუკი პაციენტები მზად არიან ამ შანსის გამოსაყენებლად - სანდრო ურუშაძემ განმარტა, რომ ამ პროცესისთვის მწვანე შუქის ანთება წამლის გამარტივებულ რეგისტრაციას გულისხმობს.

"ჩვენთან მოქმედებს გამარტივებული რეგისტრაციის რეჟიმი. რადგან კლინიკური კვლევები უკვე ჩატარებულია, ხელახლა რეგისტრაციას არ ვატარებთ. ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად ხდება მხოლოდ ნიმუშების რეგისტრაცია და დოკუმენტაციის, მათ შორის ინსტრუქციის ქართულ ენაზე შედგენა. სულ რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მით უმეტეს, როცა საქმე იშვიათ დაავადებას ეხება. სწორედ ეს არის რეგისტრაციისთვის მწვანე შუქი", - აცხადებს ურუშაძე.

მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებებში დაფინანსების გადაწყვეტილებას ყოველთვის სამინისტრო არ იღებს და ეს პროცესი ხშირად სადაზღვევო ფონდებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებზე ნაწილდება: "წარმოდგენა, რომ სამინისტრო არის ყველაფრის ბატონი და პატრონი, დემოკრატიულ საზოგადოებებში არ მუშაობს",- აღნიშნავს ის.

რაც შეეხება წამლის ხარისხზე პასუხისმგებლობას, ექსპერტი განმარტავს, რომ ამას თავის თავზე ბიზნესი ან ფონდი კი არა, საერთაშორისო მარეგულირებელი იღებს (მაგალითად, ევროპის წამლის სააგენტო), რომელიც რისკებსა და სარგებელს აფასებს.

BMG-ის ეთერში ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მშობლები მხოლოდ ერთ, ულტრა ძვირად ღირებულ გენურ თერაპიას ითხოვენ.

"მოხდა მედიკამენტების რეგისტრირება ევროპისა (EMA) და ამერიკის (FDA) საკმაოდ ავტორიტეტული მარეგულირებლების მიერ. აქ არის კიდევ ორი წამალი - ერთი სტეროიდული, მეორე არასტეროიდული, რომლებიც სხვადასხვა ასაკიდან ინიშნება.

ამიტომაც, როცა მშობლები ითხოვენ, რომ იყოს მულტიდისციპლინარული გუნდი და ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჩვენთანაც, ეს არის სამართლიანი და ბუნებრივი მოთხოვნა. მშობლებს უნდათ, რომ მათ შვილებს მიეცეთ შანსი იმის გარეშე, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს მშობლების მხარეს. გაუგებარია ეს თავდასხმა და საზოგადოების დეზინფორმირება", - აცხადებს ურუშაძე.

ყოფილი მინისტრი ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად იტალიურ მოდელს ასახელებს, სადაც დაფინანსება შედეგზეა დამოკიდებული.

"მწარმოებელთან ვთანხმდებით, რომ მზად ვართ დავუშვათ მკურნალობა, ოღონდ თანხას ავანაზღაურებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივაღწიეთ დაპირებულ შედეგს. ეს იდეალური და სამართლიანი ფორმაა ჩვენნაირი შესაძლებლობის ქვეყნისათვის. გარდა ამისა, არსებობს მოლაპარაკებების გზა. ფასი ძალიან პირობითია - მაგალითად, გერმანიამ მოახერხა 40 000-იანი ფასის 20 000-მდე დაწევა. მთავარია, მოიძებნოს ყველა გზა პრობლემის მოსაგვარებლად", - აღნიშნა სანდრო ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის პაციენტების მოთხოვნას წამლის სანდოობისა და საერთაშორისო ავტორიზაციის რისკებით პასუხობს და აცხადებს, რომ 100-მდე პაციენტისთვის მედიკამენტების შეძენა წლიურად საშუალოდ, 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნილი მედიკამენტი ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაიწუნა, რადგან "12 თვის შემდეგ მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი პლაცებოსთან შედარებით არ დადასტურდა". გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აღნიშნულ მედიკამენტზე, რომელსაც მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია ჰქონდა, კლინიკური კვლევები ფატალური შემთხვევების (ღვიძლის მძიმე დაზიანების გამო) დაფიქსირების შემდეგ შეაჩერა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 10 ყველაზე გავლენიანი AI კომპანია ჟურნალ TIME-ის მიხედვით

2026 წლის 10 ყველაზე გავლენიანი AI კომპანია ჟურნალ TIME-ის მიხედვით

BM.GE

გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

BM.GE

"სავაჭრო გზების ევოლუცია კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ლოგისტიკურ წნეხს ზრდის" - Euronews

"სავაჭრო გზების ევოლუცია კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ლოგისტიკურ წნეხს ზრდის" - Euronews

BM.GE

ახალი ქანდაკება ლონდონში - ბენქსი და მისი ხელოვნების ბაზარი

ახალი ქანდაკება ლონდონში - ბენქსი და მისი ხელოვნების ბაზარი

BM.GE