
"წელს, ქართული პროდუქტიც არ იქნება იაფი" - ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კომპანია მიზეზებზე
„ჩემი აზრით, წელს ქართული პროდუქტიც არ იქნება იაფი“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კომპანია „იმერის“ დირექტორმა, გივი კიკნაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდას როგორც არასტაბილური ამინდები, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით თურქულ ბოსტნეულზე გაზრდილი ფასები განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველომ მხოლოდ ოთხ თვეში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების კიტრი შეიძინა. მეწარმის თქმით, იმპორტის ასეთი მაჩვენებელი, მათ შორის, თურქეთიდან გაზრდილ ფასებს უკავშირდება, რამაც ბოსტნეულის საერთო ღირებულებაზეც იქონია გავლენა.
„თურქეთმა წელს პრაქტიკულად ყველა პროდუქტი გააძვირა, რადგან თავადაც მაღალი მოთხოვნის ტურისტული ბაზარია. მათ შორის კიტრის იმპორტი, რომელმაც 5 მილიონ დოლარს მიაღწია, სწორედ პროდუქციის გაძვირებითაა განპირობებული“, - აცხადებს ის.
„იმერის“ დირექტორის შეფასებით, ზაფხულში ფასების გარკვეული კორექცია მოსალოდნელია, თუმცა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ამინდი კვლავ გადამწყვეტ გავლენას ახდენს: „ქართველი გლეხი პირდაპირ ამინდზეა დამოკიდებული. როცა წვიმებია, მოსავლის აღება ჭიანურდება, ბაზარზე დეფიციტი იქმნება და ფასი მაშინვე იზრდება. შეიძლება პროდუქტი ერთ დღეს 5 ლარი ღირდეს, მეორე დღეს კი - 10 ლარი“, - განმარტავს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე ქართული პროდუქციაც, სავარაუდოდ, ძვირი დარჩება. მაგალითად, ამ პერიოდში ადგილობრივი პომიდორი ჩვეულებრივ 2-2.50 ლარის ფარგლებში უნდა ღირდეს, თუმცა ამჟამად მისი ფასი 5-6 ლარს აღწევს: „ამინდების გამო მოსავალი დაგვიანებულია და პროდუქციის მოცულობაც ნაკლებია“, - აღნიშნავს გივი კიკნაძე.
როგორც ის ამბობს, ფასებზე გავლენას სამუშაო ძალის დეფიციტიც ახდენს. მისი განმარტებით, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის დღესასწაულებზე დასაქმებულები მოსავლის ასაღებად ვერ გადიან, რაც ბაზარზე მიწოდებას ამცირებს და ფასებზე დამატებით ზეწოლას ქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge