
"წელს რამდენიმე ათეულ ახალ სკოლას გავხსნით" - მიქანაძე საჯარო სკოლების მშენებლობის გაჭიანურებაზე
ფოტო: რადიო თავისუფლება
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამი სამინისტროს კოორდინაციით, "რამდენიმე ათეული" საჯარო სკოლა გაიხსნება - სკოლების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, პარტია "საქართველოსთვის" სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან განათლების სამინისტრო თავად აღარ განახორციელებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ, ფუნქციები სამ უწყებას შორის გადანაწილდა.
"უფლებამოსილებები გადანაწილდა სამ სამინისტროს შორის. ეს არის ჩვენი სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული განვითარების სამინისტრო. ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დელეგირებულია ახალი სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია. რეგიონული განვითარების სამინისტროზე და მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული არის მცირე სახის რემონტები სკოლებში, ხოლო განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს პრიორიტეტების განსაზღვრა.
სამივე სამინისტრო მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ და კოორდინაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, შექმნილი არის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ყოველკვირეულად იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობაც ჩართული არის ამ პროცესში და მაქსიმალურად არის განხილვა იმისთვის, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისი პასუხი გაეცეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, წელს უკვე გაიხსნება რამდენიმე ათეული ახალი სკოლა, რამდენიმეს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს იმ თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალისხმევით წელს რამდენიმე ათეულ ახალ სკოლას გავხსნით; სასწავლო წლის დაწყებისთვის და წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია დაიწყება; ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა პირველად პრიორიტეტად დაასახელა ის სკოლები, საიდანაც მოსწავლეები ავარიულობის გამო უკვე გამოყვანილი არიან, და ის პროექტები, სადაც მშენებლობა გაჭიანურდა.
გივი მიქანაძემ აღიარა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს, რისი მიზეზიც სამშენებლო კომპანიები და მათთან არსებული სამართლებრივი დავებია.
"პრიორიტეტად, პირველ რიგში, განვიხილავთ იმ სკოლებს, საიდანაც ავარიულობის გამო გამოყვანილი გვყავს მოსწავლეები, და იმათ, რომელთაც მშენებლობა გაჭიანურებულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს, და რაც მთავარია, მათ სახლებთან ახლოს.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული უკმაყოფილება გაჭიანურებულ მშენებლობებთან დაკავშირებით. არსებობს შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიების მიმართ ჩვენ გამოვიყენეთ ჯარიმები, ხოლო რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რის გამოც სამუშაოები დროებით შეჩერებულია. თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, პროცესი არ ჩერდება და მუდმივად მიმდინარეობს პრობლემური პროექტების განხილვა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სამინისტრომ წელს პირველად აამოქმედა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რამაც, მინისტრის თქმით, ნათლად აჩვენა, თუ რომელ უბნებს სჭირდებათ ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა.
"ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციამ ძალიან ნათლად დაგვანახა კონკრეტულად რომელი უბნები და დასახლებები საჭიროებენ ახალ სკოლებს ან დამატებით ინფრასტრუქტურას. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში, მაშინ, როდესაც მოსწავლეთა უმრავლესობა კონკრეტული სასკოლო უბნების ფარგლებში იქნება რეგისტრირებული, რეალურად გვქონდეს საუბნო სკოლების ეფექტიანი სისტემა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს ხარისხიან და უსაფრთხო სკოლაზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით ასობით მოსწავლე, თავიანთ სკოლებში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესის გამო, სხვა სკოლებში ან დროებით შენობებში გადაანაწილეს. შედეგად მოსწავლეებს რამდენიმე ცვლაში სწავლა უწევთ. მოსწავლეები და მათი მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლის ალტერნატიული შენობები მათი საცხოვრებლისგან შორსაა, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ვადების დარღვევით მიმდინარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge