
წელს, "სადგური" ოქროსფერფესტს მეოთხედ უმასპინძლებს - როგორია მოთხოვნა?
ასურეთში მდებარე „სადგური“ წელს სამ შაბათ-კვირას „ოქროსფერფესტს“ უმასპინძლებს. ფესტივალი 19-20 სექტემბერს, 26-27 სექტემბერს და 3-4 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც „სადგურის“ დამფუძნებელმა რუსუდან ბარათაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა, ღონისძიების მიმართ დაინტერესება მისი პირველი ჩატარებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ფესტივალზე ადგილების წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია.
„პირველი ოქროსფერფესტი რომ გავაკეთეთ, არც კი ველოდებოდით, თუ ასეთი დიდი დაინტერესება იქნებოდა. პირველი შაბათ-კვირის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველა ადგილის დაჯავშნა გახდა საჭირო, რადგან დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა.
მისი თქმით, ფესტივალში ბოლო წლებში ბიზნესებიც აქტიურად ერთვებიან და კომპანიები ღონისძიებაზე თანამშრომლებთან ერთად მიდიან.
„ბიზნესებს აქვთ მოთხოვნა, რომ მონაწილეობა მიიღონ და გუნდებით მოდიან. ახლაც, პირველ შაბათ-კვირას, გვყავს კომპანიები, რომლებიც თავიანთი გუნდებით მოდიან. 10-20 კაცი ერთიანდება, მონაწილეობს და ამას თიმბილდინგის ელფერიც აქვს“, - აღნიშნა „სადგურის“ დამფუძნებელმა.
ბარათაშვილის განცხადებით, ფესტივალი ოჯახებისა და მეგობრების ჯგუფებისთვისაც გახდა საინტერესო, ხოლო ბავშვები სხვადასხვა თამაშსა და მასტერკლასში მონაწილეობენ.
„ოქროსფერი ფესტი“ წელს მეოთხედ ჩატარდება. ღონისძიების იდეა ასურეთში გერმანული დასახლების ისტორიისა და იქ არსებული დღესასწაულების ტრადიციის გაცოცხლებას უკავშირდება. ფესტივალის პროგრამა ცოცხალ მუსიკას, თამაშებსა და შეჯიბრებებს, გერმანული პოლკისა და ბრეცელის მომზადების მასტერკლასებს, ასევე გერმანულ და ქართულ კერძებსა და ლუდს აერთიანებს.
BM.GE
წყარო: bm.ge