
წელს უძრავი ქონება სავარაუდოდ, 10%-ის ფარგლებში გაძვირდება - “არსი”
“არსის” გენერალური დირექტორი მოელის, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდის გამო, წელს უძრავი ქონება სავარაუდოდ, 10%-ის ფარგლებში გაძვირდება.
თუ გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით უძრავი ქონების თვითღირებულება გაცილებით მაღალი ნიშნულით გაიზარდა, ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ამან უძრავი ქონების ბაზარზე შეიძლება გარკვეული რისკები გააჩინოს.
მისი შეფასებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბაზარს 7%-იანი სტაბილური ზრდა ახასიათებს და თუ წელსაც ამავე დიაპაზონში მოხდება ფასების ცვლილება, ამას ბაზარი "აიტანს”.
“თუ სამშენებლო მასალებზე, ელექტროენერგიაზე, საწვავზე ფასი იზრდება, რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს შემდეგ ყველაფერზე, არა მარტო ჩვენ სექტორზე და ჩვენს დარგზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე. ხელფასები ისედაც იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დეფიციტურია ჩვენს დარგში კადრები და საქსტატსაც თუ შევხედავთ წლიდან წლამდე ანაზღაურება იზრდება. შესაბამისად, ლოკალურ დონეზე ხელფასების ზრდა და გლობალურად სამშენებლო მასალებზე მოსალოდნელი ფასების ზრდა, ცალსახად აჩენს მოლოდინს, რომ [უძრავი ქონების ბაზარზე] ზრდა გვექნება როგორც თვითღირებულების ნაწილში, ასევე გასაყიდი ფასის ნაწილში.
ჩემი სურვილია, რომ ეს 10%-იან ზრდაში დარჩეს და იმის იქით არ წავიდეს, რაც ჩვენი ბაზრისთვის საკმაოდ მისაღებია და აიტანს ამას ბაზარი. თუ ამაზე მეტი იქნება, გარკვეულ რისკებში შევალთ. რამდენიმე წლის წინ გავიარეთ ეს გზა და საკმაოდ ცოტა დროა გასული, რომ ახლა ვისაუბროთ ფასის ახალ ნიშნულზე. თუმცა ფასების გაზრდის მოლოდინი გვაქვს და ისედაც გვქონდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს ბაზარზე ფიქსირდება 7%-იანი ზრდა და იმედია, რომ მიმდინარე წელსაც ამ რიტმით და ამ ტენდენციით წავალთ. თუ ამაზე მეტი გავლენა იქნება გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები შეიძლება გაჩნდეს ბაზარზე”,- აცხადებს ბესო ორთოიძე.
ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ბანკ "გალტ ენდ თაგარტის" მონაცემებით, 2026 წლის მარტში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1,403 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 1,305 აშშ დოლარი შეადგინა.
წელს უძრავ ქონებაზე ფასების 5%-იან ზრდას ველოდებით - GREA
BM.GE
წყარო: bm.ge