
ცემენტის იმპორტი მცირდება, ექსპორტი კი იზრდება|საიდან შემოგვაქვს და სად გაგვაქვს?
საქართველოში ცემენტის იმპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 13,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 183 708 ტონა ცემენტის იმპორტი ფიქსირდება, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 19,4 მლნ აშშ დოლარი და 266 911 ტონა იყო. რიცხვების მიხედვით, ცემენტის იმპორტი 32%-ითაა შემცირებული.
საქართველოსთვის ცემენტის საიმპორტო ქვეყნები წელს მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთია. კერძოდ, პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 10,3 მლნ აშშ დოლარის ცემენტის იმპორტი განხორციელდა, თურქეთიდან კი - 2,8 მლნ აშშ დოლარის. თუმცა შედარებით მცირე მოცულობებით ცემენტი წინა წლებში სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ალჟირიდან და ირანიდანაც შემოგვიტანია.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, კლება აქაც ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წელს ჯამში, ქვეყანაში 90,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1,2 მლნ ტონა ცემენტი შემოვიტანეთ, 2024 წელს კი - 98,1 მლნ აშშ დოლარის 1,3 მლნ ტონა.
გასულ წელს ცემენტის TOP-5 საიმპორტო ქვეყნები იყო:
• აზერბაიჯანი - 67,9 მლნ აშშ დოლარი - 948 563 ტონა • თურქეთი - 22 მლნ აშშ დოლარი - 283 877 ტონა • ალჟირი - 434 200 აშშ დოლარი - 7 734 ტონა • ჩინეთი - 41 400 აშშ დოლარი - 33 ტონა • თურქმენეთი - 15 700 აშშ დოლარი - 158 ტონა
იმპორტის პარალელურად, საქართველოდან ცემენტის ექსპორტიც ხორციელდება, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ცემენტის ექსპორტი გაიზარდა და 525 500 აშშ დოლარი და 6500 ტონაზე მეტი შეადგინა. გასული წლის იანვარ-მარტში კი ექსპორტი 203 700 აშშ დოლარი და 2020 ტონა იყო. შესაბამისად, ზრდა 158%-ია. ცემენტი საქართველოდან მხოლოდ სომხეთში გადის.
აღსანიშნავია, რომ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 3,1 მლნ ტონა ცემენტი იწარმოა, ეს მაჩვენებელი 2024 წელს 3 მლნ ტონა იყო. ზოგადად სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით კი, Galt&Taggart-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 67% ადგილობრივად იწარმოება, ხოლო 33% - შემოდის.