
წიაღისეულის გადამუშავების სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბიზნესისთვის აღსრულებადი უნდა იყოს - მაია ზავრაშვილი
წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის გონივრული და აღსრულებადი უნდა იყოს - ამის შესახებ BMG-სთან „კოლიერს ჯორჯიას“ (Colliers Georgia) Mining and Minerals-ის მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, წიაღისეულის გადამუშავება პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუარესებასთან და მაღალ ემისიებთან, ამიტომ სექტორის მოწესრიგება აუცილებელია. თუმცა, მისივე განმარტებით, ნებისმიერი ახალი წესი ბიზნესის ინტერესებისა და პრაქტიკული შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება საწარმოებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის დისტანციის დაცვას ეხება. მაია ზავრაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას და შეამცირებს მოსახლეობის მხრიდან არსებულ წინააღმდეგობას, რაც ხშირად, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას ახლავს თან.
რაც შეეხება მტვრის შემცირების მექანიზმებს, როგორიცაა წყლით დატენიანება და დახურული ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაია ზავრაშვილის თქმით, წყლით დატენიანება მარტივად შესასრულებელია და დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ე.წ. დრაბილკების სრული დახურვა დამატებით ანალიზს საჭიროებს.
„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ოპერაციები, როგორც წესი, ღია სივრცეში მიმდინარეობს და დახურული ტიპის ინფრასტრუქტურა არ ეწყობა. ეს საკითხი კარგად უნდა იყოს გააზრებული, რადგან ის დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს მაია ზავრაშვილი BMG-სთან.
მთავრობა მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების რეგულირებას გეგმავს. საუბარია ღორღისა და ქვიშა-ხრეშის წარმოებისა და ინერტული ნედლეულის გადამუშავების რეგულირებაზე. მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების რეგულირება მოიცავს ახალ წესებს, რომელიც ამ საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს დაევალებათ. საუბარია ნედლეულის/პროდუქტის ტრანსპორტირების, მსხვრევის, დახარისხების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და დასაწყობების პროცესებში კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების დაწესებაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ძირითად შემარბილებელ ღონისძიებად სამსხვრევი ნედლეულისა და პროდუქტების რეგულარული დატენიანება განიხილება, ასევე მსხვრევის, დახარისხების, შერევისა და გადატვირთვის ოპერაციების შემოზღუდვა ან დახურვა. გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიიჩნევა ახალი ობიექტების საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მოშორებით განთავსება.