
წინანდლის მამულმა რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლა
წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში საერთაშორისო ასოციაცია Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა.
1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა. Grand Jury du Vin დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დეგუსტაციების საფუძველზე, ობიექტური შეფასების პრინციპებით, მაღალი ხარისხის ღვინოებს აფასებს. ორგანიზაციის მისიაა ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ღვინის შეფასების უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე.
2023 წელს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ღონისძიება აერთიანებს ცნობილ ევროპელ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და ენთუზიასტებს. გასულ წლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ბრმა და პრესტიჟულ დეგუსტაციებში და დაეგემოვნებინათ ბორდოს გრან კრუს, ბურგუნდიული, ქართული და იტალიური ღვინოები. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის მასპინძელია სილქ ჰოსფითალითი.
წლევანდელი სიმპოზიუმი საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, ხოლო Grand Jury du Vin-ის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა პრესტიჟული დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი უკვე მეოთხედ ტარდება. ამ სიმპოზიუმს ატარებს სომელიეების და ღვინის სპეციალისტების ძალიან ავტორიტეტული ევროპული გაერთიანება Grand Jury du Vin. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის ბატონ ლორან ვიალეტს, ამ ასოციაციის პრეზიდენტს. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს პირველივე წლიდან ჩვენს გვერდით დგომისთვის და სიმპოზიუმის მხარდაჭერისთვის.
წელს, ასოციაციას Grand Jury du Vin დაარსებიდან 30 წელის შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ წელს ბევრი მნიშვნელოვანი იუბილე დაემთხვა ერთმანეთს, პირველ რიგში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. 240-ე წლისთავია ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან, მისი სახელობის მუზეუმს 80 წელი შეუსრულდა. ძალიან სასიამოვნოა ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აქ, წინანდალში, აღნიშვნა.” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
სიმპოზიუმზე განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა ესპანურ ღვინოებთან ერთად საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და გაეცნენ ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებსა და საფერავის პოტენციალს.
ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებთან ერთად საგანმანათლებლო შეხვედრებსაც მოიცავდა. აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „საქართველო - ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. წელსაც გაიმართა Wine Avenue, სადაც ესპანურ და ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ღვინოები წარედგინათ, სტუმრებს კი - დაეგემოვნებინათ და გასცნობოდნენ ორივე ქვეყნის მეღვინეობის თავისებურებებს.
წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ფარგლებში ისტორიულ მამულში ღონისძიების ორგანიზატორებმა პირველ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ამავე დღეს ხელი მოეწერა წინანდლის დეკლარაციას - მანიფესტს, რომელიც ხაზს უსვამს ღვინის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, დაცვის მნიშვნელობას.
ინიციატივა ეკუთვნის ღვინის სამყაროში ყველაზე გავლენიან ადამიანებს:
ბატონ ობერ დე ვილენს,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ფრანგი მეღვინეს და ბურგუნდიული ღვინის კულტურულ სიმბოლოს, ლეგენდარული მამულის დომენ დე რომანი-კონტის მფლობელს; ბატონ ბორის შამპის, ცნობილ ფრანგ მეღვინეს და ენოლოგს, ტერუარების და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს და ბატონ ჟაკი რიგოს, ფრანგ ღვინის მკვლევარს, კრიტიკოს და მწერალს.
წინანდლის დეკლარაციას ხელი მოაწერეს გრან ჟიური დიუ ვანის პრეზიდენტმა ლორან ვიალეტმა, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, წინანდლის მამულის დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. დეკლარაციის ხელის მომწერები იქნებიან მსოფლიოს მეღვინეები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, რესტორატორები, მეღვინეობის ენთუზიასტები, ორგანიზაციები - ყველა ის, ვისაც ღვინო კულტურულ მემკვიდრეობად მიაჩნია და მზადაა დაიცვას ეს მემკვიდრეობა საერთაშორისო და სახელმწიფო დონეზე.
წინანდლის მამული, ქართული მეღვინეობის ისტორიული კერა, კვლავაც რჩება მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც აგრძელებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და საქართველოს წარმოაჩენს ადგილად, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები, ქართული სტუმართმოყვარეობა და კულტურული მემკვიდრეობა ერთიანდება.
BM.GE
წყარო: bm.ge