მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ცვლილებები ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს" - "ანაგის" გენდირექტორი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმაზე
"ცვლილებები ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს" - "ანაგის" გენდირექტორი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმაზე

"ცვლილებები ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს" - "ანაგის" გენდირექტორი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმაზე

BM.GE24 მაისი, 2026, 20:42|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვებში სამშენებლო სექტორისთვის დაანონსებულ ახალ რეგულაციებსა და არსებულ გამოწვევებზე BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, სისტემის გადახედვის აუცილებლობა კრიტიკულ ზღვარზე იყო მისული და დაგეგმილი რეფორმა დარგისთვის უმნიშვნელოვანესია.

გოგოლიშვილმა ხაზი გაუსვა ბიზნეს ასოციაციებისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას და აღნიშნა, რომ აქამდე არსებული პრაქტიკა მოძველებული იყო.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტებში ღირებულების ინდექსაციის კომპონენტის შემოტანას გეგმავს.

"ცვლილება, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც უკვე 20 წელი და მეტიც ვმუშაობთ ერთი და იმავე დანერგილი პრაქტიკით, რომელმაც უბრალოდ დროს ვერ გაუძლო. მისი გადახედვის აუცილებლობა კი კრიტიკულ ზღვარზე მივიდა.

ამ პრობლემის სწორად ფორმულირებაში უშუალოდ ჩართული და წამყვანი როლი ჰქონდა მშენებელთა ასოციაციას, რისთვისაც მეც დიდ მადლობას გადავუხდი. ასევე, ბიზნეს ასოციაციას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ ეს დასმული საკითხი შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, გარკვეული მუშაობის შემდეგ, სათანადოდ შეაფასეს. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს", - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

„ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა დეტალურად განმარტა ის რეალობა, რაც დღემდე ტენდერებში არსებობდა. მისი თქმით, მასალებისა და სამუშაოების ფასების აცდენა საბაზრო ღირებულებასთან პირდაპირ აისახებოდა შესრულებული პროექტების ხარისხზე.

„კონტექსტის სრული გააზრებისთვის უნდა გვესმოდეს, რა რეალობა არსებობდა დღემდე. იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო კონკრეტულ შეკვეთას გასცემდა მაგალითად, სკოლების, საბავშვო ბაღების ან ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას და ამასთან ერთად არსებობდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვითი დოკუმენტაცია, რომელიც ღირებულებას განსაზღვრავდა. თუმცა, ამ დოკუმენტში მითითებული კონკრეტული სამშენებლო მასალის ან სამუშაოს ფასი არსებითად არ შეესაბამებოდა საბაზრო ღირებულებას.

შესაბამისად, როდესაც სახელმწიფოს, ერთი მხრივ, კონკრეტული ამოცანა აქვს გადასაჭრელი და მეორე მხრივ, ხელმძღვანელობს დოკუმენტით, სადაც მოცემული ფასები ბაზარზე არსებულ რეალურ ღირებულებებს აცდენილია, ბუნებრივია, ასეთი ამოცანის შესრულება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.

ამიტომ, მხოლოდ ამ ცვლილებების შემდეგ, როდესაც მეტ-ნაკლები სიზუსტით აღირიცხება სამუშაოებისა და მასალების რეალური ღირებულება და ის საბაზრო ფასებთან დაახლოებული იქნება, ვფიქრობთ, სახელმწიფო შეძლებს მიიღოს ზუსტად ის პროდუქტი და ის ხარისხი, რაზეც სამართლიანი და ჯანსაღი პრეტენზია აქვს. ფაქტია, რომ ამ ცვლილებების გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან ეკონომიკური პროცესების საფუძველი სწორედ რეალურ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა უნდა იყოს. სამშენებლო მასალისა და სამუშაოს ფასი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო რეალობას", - დასძინა მან.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

BM.GE

ველით, რომ კომპანიები კორპუსებიდან უფრო გაუმჯობესებულ საოფისე სივრცეებში გადაინაცვლებენ - ნატო ბოჭორიშვილი

ველით, რომ კომპანიები კორპუსებიდან უფრო გაუმჯობესებულ საოფისე სივრცეებში გადაინაცვლებენ - ნატო ბოჭორიშვილი

BM.GE

"სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური ცვლილებები კორუფციას ვერ აღმოფხვრის" - ირაკლი აბესაძე

"სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური ცვლილებები კორუფციას ვერ აღმოფხვრის" - ირაკლი აბესაძე

BM.GE