![თუ დავინახეთ, რომ [ინფლაციური] რისკები იზრდება, შემდეგ ნაბიჯებსაც გადავდგამთ - უტიაშვილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე](https://bm.ge/uploads/files/2025/08/12/287928/erovnuli-banki_w_h.jpeg)
თუ დავინახეთ, რომ [ინფლაციური] რისკები იზრდება, შემდეგ ნაბიჯებსაც გადავდგამთ - უტიაშვილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით არსებული ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ გაზარდა - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.
როგორც დავით უტიაშვილი BMG-სთან ამბობს, საწვავის გაძვირებას ადგილობრივ ბაზარზე ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტი ექნება, ამიტომ სებ-მა განაკვეთი პროაქტიულად გაზარდა.
მისივე თქმით, გლობალური გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია და ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში, სებ-ი არც მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებას გამორიცხავს.
“მოგეხსენებათ, რამდენად დიდი გაურკვევლობაა. ფასების სტაბილურობის რისკების გამომწვევი ძირითადად უცხოური ფაქტორებია, ლოგისტიკური თუ სავაჭრო გზების შეფერხება. ვხედავთ ბენზინის ფასს, რომელიც უკვე აისახა ბაზარზე, რასაც აუცილებლად ექნება მეორე რაუნდის ეფექტები. ამიტომ ეროვნული ბანკის პროაქტიული გადაწყვეტილების მიზანი სწორედ არის ის, რომ ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით, ინფლაციასთან დაკავშირებით მოლოდინების საპასუხოდ გადავდგით ეს ნაბიჯი. თორემ ცხადია, ბენზინის ფასზე გავლენას ეს ვერ მოახდენს, ამას გლობალური ფაქტორები განაპირობებს. ამიტომ თუ დავინახეთ, რომ ინფლაციის მოლოდინები კიდევ იზრდება, რისკები გაიზარდა, ამ შემთხვევაში ცხადია შეიძლება დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ. თუმცა ამ წუთას რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ეს ფაქტორები არის მიწოდების მხრიდან განპირობებული, რაზეც ეროვნული ბანკი გავლენას ვერ ახდენს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯი არის წინმსწრები, პროაქტიული, მოლოდინებზე დამყარებული, ვიდრე ის, რომ პირდაპირი გავლენა მოახდინოს ფასების საერთო დონეზე.
თუ შევხედავთ მომსახურების ფასების დონეს, ინფლაციის ძირითად მაჩვენებელს – ის დაახლოებით 3.7%-ის ფარგლებშია. ამიტომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები ფასებზე არც გვაქვს, უბრალოდ არის საწვავი [გაძვირება], რომელიც დიდ გავლენას იქონიებს საერთო ფასების დონეზე და მოლოდინებზე. ამის საპასუხოდ პროაქტიულად გადაიდგა ნაბიჯი. თუ დავინახეთ, რომ რისკები იზრდება, ცხადია შემდეგი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული.