
თუ FMCG ბაზარზე მარეგულირებლად კონკურენციის სააგენტო შეირჩევა, მზად ვართ, ეფექტურად აღვასრულოთ - ლექვინაძე
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი FMCG ბაზარზე მარეგულირებელ უწყებად სააგენტო შეირჩევა, ისინი მზად არიან, ეს ფუნქცია ჯეროვნად აღასრულონ.
ფასების საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ FMCG ბაზარზე მონიტორინგი გამკაცრდეს და ამ მიმართულებით მარეგულირებელი ინსტიტუტი შეიქმნას. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მოიაზრება, რომ შესაძლოა, ეს ფუნქცია კონკურენციის სააგენტომ შეასრულოს.
ირაკლი ლექვინაძე BMG-სთან ასევე აცხადებს, რომ ფასების საპარლამენტო კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.
“პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ფასების კომისიის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო ძალიან კომპლექსური სამუშაო, რადგანაც სამი მნიშვნელოვანი სექტორი და მათი ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლა მოხდა. გადაწყვეტილებები, რომლებიც რეკომენდაციების სახით არის წარმოდგენილი აღნიშნულ დასკვნაში, კომპლექსურად ხედავს აღნიშნულ საკითხს და ვფიქრობ, კარგად ჩანს, რომ რიგი საკითხები, რაც თუნდაც FMCG სექტორის მიმართულებით გარკვეული დისპროპორციებით იყო წარმოდგენილი და სჭირდებოდა გარკვეული მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს კონკურენცია უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება ეს დღეს არის.
კონკურენციის სააგენტოს მანდატი ხშირ შემთხვევაში არ იძლევა საშუალებას, რომ კომპლექსურად მოეცვა აღნიშნული საკითხი. აღნიშნული რეკომენდაციები სწორედ გულისხმობს ასეთ სისტემურ მიდგომას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას, ალბათ აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე იქნება მთავრობის მიერ რიგი გადაწყვეტილებები მიღებული.
თუ იქნება სამართლიანი ვაჭრობის შესახებ დირექტივა ქართულ სპეციფიკაზე ორიენტირებული და ის მთავარი საკითხები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იგივე ფინანსური დისციპლინის თუ სხვა ტიპის ურთიერთობების გარკვეული სტანდარტიზაცია და ჩარჩოში მოქცევა და აღნიშნული ფუნქციის აღსრულება დაეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენ ბუნებრივია, გამოვთქვამთ მზაობას, რომ აღნიშნული მიმართულების აღსრულება ეფექტურად უზრუნველვყოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროს მონიტორინგი წლებია მიმდინარეობს ჩვენი სააგენტოს მიერ, სფეროს ძალიან კარგად ვიცნობთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამოცდილებისა და მანდატის ფარგლებში შევძლებთ, უზრუნველვყოთ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულება. ალბათ აღნიშნული რეკომენდაციები გადაეცემა მთავრობას და მთავრობა იმსჯელებს შემდგომ კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ განსაზღვრული იქნება აღმასრულებელ უწყებად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, რომ აღნიშნული მიმართულებით ეფექტური აღსრულება უზრუნველვყოთ”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge