
თუ ნავთობის გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა, ყველა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება - ლაშა რიჟამაძე
თუ ნავთობის გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა, ფასების ცვლილება გარდაუვალი იქნება თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე - ამის შესახებ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე BMG-სთან აცხადებს.
მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის მერყეობა, გაძვირებული გადაზიდვები და გაზრდილი შიდა ლოგისტიკური ხარჯები საქართველოში პროდუქციის თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება.
როგორც ლაშა რიჟამაძე განმარტავს, სადისტრიბუციო კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ფასების მატებისგან თავი შეიკავონ, თუმცა რესურსი ამოწურვადია. მისი თქმით, ფასების ცვლილება პირველ რიგში სწრაფბრუნვად და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე აისახება, რადგან, იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ფასების ზრდის შეკავება სულ უფრო რთული ხდება.
„ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გაზრდილ შიდა ლოგისტიკურ ხარჯზე, არამედ საერთაშორისო გადაზიდვებზეც, რაც პირდაპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ღირებულებაში. კომპანიები, მიუხედავად არსებითი ცვლილებისა, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ უკვე შეცვლილი ფასი იყოს სტაბილური, გადაზღვეული და აქედან გამომდინარე, ფასები სწრაფად და დაუყოვნებლივ არ გაუზრდიათ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შედარებით უმტკივნეულო იყოს ეს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ცვლილება გარდაუვალი იქნება თითქმის ყველა პროდუქციაზე“ - აღნიშნავს ლაშა რიჟამაძე.
ასოციაციის თავმჯდომარის პროგნოზით, ფასების ცვლილება ყველაზე სწრაფად სწრაფბრუნვად პროდუქციაზე აისახება. ეს მოიცავს პირველადი მოხმარების სურსათს, მათ შორის პურეულსა და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს.
„ჩვენ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას გვიძვირდება საერთაშორისო გადაზიდვა და ძვირდება შიდა ლოგისტიკური ხარჯი. შესაბამისად ეს გარკვეულ პროცენტს მთლიან ღირებულებაში ნებისმიერ შემთხვევაში დაიკავებს“ - განმარტავს ლაშა რიჟამაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge