
თუ ნავთობის გაიაფება გაგრძელდა, ივლისის პირველ ნახევარში საწვავზე ფასი 10-15%-ით დაიკლებს - Socar
აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $79-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 76 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 67 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 37%-იანი კორექციაა. საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 40%-ით არის გაიაფებული.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირების ტენდენცია უახლოეს პერიოდში აისახება საქართველოს ბაზარზეც. Socar Georgia Petroleum-ის დირექტორის ნოდარ ყანჩაველის განმარტებით, 1 მარტიდან მოყოლებული ბენზინი 60%-ით, დიზელი კი 80%-ით იყო გაძვირებული, ბოლო 2 კვირაში კი ფასის კლების ტენდენციაა. თუ ივნისის თვის ჭრილში ფასი ნავთობპროდუქტებზე 10-15%-ით დაიკლებს, კომპანია ელის, რომ ივლისის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ფასი საწვავზე ამდენივე პროცენტით შემცირდეს.
„ივნისის პირველი რიცხვებიდან საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ფასების ნაწილში. საერთაშორისო „პლატზე“ (Platts) შეინიშნება ფასის შემცირება, რაც ძალიან გვახარებს. ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული თვითღირებულება საერთაშორისო „პლატზე“. თუ გავითვალისწინებთ პირველი მარტიდან დღემდე 60%-ით გაიზარდა ბენზინის თვითღირებულება, მაშინ როდესაც ჩვენ დაახლოებით 20%-ით გავუზარდეთ ბენზინის ფასი საცალო ბაზარზე და 80%-ით გაიზარდა დიზელის ტიპის საწვავზე თვითღირებულება და დაახლოებით 40%-ით გავაძვირეთ ჩვენი დიზელის ფასი. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება გეოპოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რომ მოსალოდნელია ფასების შემცირება ივლისის პირველ ნახევარში.
ჩვენ ივნისის თვეში მაისის მარაგებით ვოპერირებთ. შესაბამისად, [ფასების ცვლილება] მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ივნისის თვე როგორ დასრულდება. თუ ტენდენცია გაგრძელდა და დაახლოებით 10-15%-იანი კლება დაფიქსირდა თვის ჭრილში, შესაბამისად ივლისის პირველ ნახევარში სავარაუდოდ ფასები დაახლოებით ამდენივე პროპორციით დაიკლებს. ანუ დაახლოებით 10-15%-იან ფასის კლებას უნდა ველოდოთ ივლისის პირველ ნახევარში.
იქიდან გამომდინარე, რომ დიზელზე 80%-იანი ფასის ზრდა დაფიქსირდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ დიზელის ფასი დაკორექტირდეს და ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ დიზელზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება ვიდრე ბენზინზე”,-აცხადებს ნოდარ ყანჩაველი.
17 ივნისის მდგომარეობით "სოკარის" ქსელში საწვავზე არსებული ფასები ასე გამოიყურება:
BM.GE
წყარო: bm.ge