
"თუ პაციენტი მკურნალობას აჩერებს, სახელმწიფოს დანახარჯიც წყალში იყრება" - დეპუტატი ონკომედიკამენტ "კეტრუდას" კურსის დაფინანსებას ითხოვს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ონკოლოგიური მედიკამენტის, "კეიტრუდას" სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისა და მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსის ასახვის ინიციატივა დააყენა. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტის ფორმირებისა და კორექტირების პროცესში არსებული დრო მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი სრულად პროგრამული გახდეს.
როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, როდესაც სახელმწიფო პაციენტის მკურნალობას ნაწილობრივ აფინანსებს, თუმცა მაღალი ხარჯების გამო მოქალაქე კურსის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯიც არაეფექტური ხდება.
"ჩემი თხოვნა იქნება, აი, ამ სამი თვის განმავლობაში, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ბიუჯეტის ფორმირებისა და გადანაწილების პროცესში ცვლილებების შესატანად, "კეიტრუდას" პროგრამაში გათვალისწინება აუცილებლად აისახოს ბიუჯეტში.
თქვენ თქვით, რომ ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობამ იმატა. ძალიან საინტერესოა, იმატა რის ხარჯზე - ახალი დაავადებების თუ რეციდივების ხარჯზე? კვლევის საკითხია, ჩვენ მიერ პროგრამულად მიწოდებული პრეპარატები და ინტერვენციები, მიდის თუ არა საბოლოო შედეგამდე და ამ შედეგის დადგომამდე არის თუ არა საჭირო თუნდაც "კეიტრუდას" პროგრამაში ჩართვა. თუ ჩვენ პაციენტს რომელიმე დაავადების საბოლოო გამოჯანსაღებამდე ვაფინანსებთ, მაგრამ რაღაც დონის შემდეგ მას მკურნალობის გაგრძელება აღარ შეუძლია და პროცესს აჩერებს, ჩვენ მიერ გაკეთებული დანახარჯიც წყალში ჩაყრილი გამოდის", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, "კეიტრუდა" თანამედროვე ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატია, რომლის საჭიროება და ბიუჯეტზე გავლენა ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე უკვე დათვლილია.
"კეიტრუდა" არის იმ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელსაც ძალიან კარგ შედეგებამდე მიჰყავს მთელი რიგი კიბოს სახეობების მკურნალობა. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეს დათვლილიც აქვს და მინისტრსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ პროგრამაში ჩაჯდეს. მინდა გავახმოვანო არა მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის, არამედ უამრავი ადამიანის თხოვნა - "კეიტრუდა" როგორმე გახდეს პროგრამული, რათა 21 დღეში ერთხელ გადასხმა, მთლიანი კურსი ბოლომდე მივიდეს და რეალური შედეგი დაიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასხმულიც წყალში იყრება", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის: "კეიტრუდა" (პემბროლიზუმაბი) იმუნოთერაპიული მედიკამენტია, რომელიც სიმსივნის სხვადასხვა აგრესიული ფორმის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი საკმაოდ ძვირად ღირებულია და მისი კურსის გავლა პაციენტებისთვის ხშირად სერიოზულ ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge