
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიტანელ იუთუბერებს სამ ვიდეოში ₾600 000-ს გადაუხდის
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA) ბრიტანულ Youtube გვერდთან Sorted Ventures Limited-თან 165,200 გირვანქა სტერლინგის, ანუ 593,184 ლარის ღირებულების თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტი, ითვალისწინებს Sorted Food-ის YouTube-არხზე სამი სრულმეტრაჟიანი ვიდეოს და ექვსი მოკლე ვიდეოს გამოქვეყნებას. აღნიშნულ YouTube გვერდს 3 მილიონი გამომწერი ჰყავს. გვერდს მსგავსი სამოგზაურო ფორმატის ვიდეოები უკვე შექმნილი აქვს მალტას და სამხრეთ აფრიკის შესახებ.
კონტრაქტის თანახმად, 140,000 გირვანქა სტერლინგი მომსახურების ანაზღაურება იქნება, 25,200 გირვანქა სტერლინგი კი დღგ-ის სახით საქართველოს ბიუჯეტში მიიმართება.
ხელშეკრულების მიხედვით, YouTube გვერდის გუნდი - ბენ ებრელი, ბარი ტეილორი, ჯეიმი სპაფორდი, მაიკ ჰატლსტოუნი, ჯეიმი ქარი და ანქუშ ბჰასინი — 2026 წლის ივნისში 7 დღით ჩამოვლენ საქართველოში. ვიზიტის ყველა ხარჯს — საერთაშორისო და შიდა ავიაბილეთები, ტრანსფერი, განთავსება GNTA დაფარავს, რაც არ შედის 165,200 გირვანქა სტერლინგის კონტრაქტში და მას დამოუკიდებლად სრულად დაფარავს ტურიზმის ადმინისტრაცია.
თითოეული ვიდეოეპიზოდი დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდება. შინაარსობრივი კონცეფციის მიხედვით, Sorted-ის ერთი წევრი მეგობრებისთვის ქართულ ქალაქში „საიდუმლო კვებით ტურს" გეგმავს - სარესტორნო კვება, ქუჩის საკვები, ბაზრები, ბარები და ტურისტული აქტივობები. ეპიზოდები სამ სხვადასხვა ქალაქს მოიცავს.
გადახდის განრიგი
ეტაპი პირობა % თანხა (GBP) გადახდა 1 ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 50% £70,000 გადახდა 2 პირველი ვიდეოს გამოქვეყნება 25% £35,000 გადახდა 3 ბოლო ვიდეოეპიზოდის გამოქვეყნება 25% £35,000
კონტენტი GNTA-ს საიტზე, სოციალურ მედიასა და YouTube-ის არხზე ჩასაშენებლად ხელმისაწვდომი იქნება. ხელშეკრულება ადგენს, რომ ვიდეოები „Sorted Food"-ის არხზე პირველი გამოქვეყნებიდან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩება.