
"ტურიზმის რეფორმამ თავისი შინაარსით დასახულ ამოცანებს ვერ უპასუხა" - თამუნა თანდაშვილი
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებლის შეფასებით, ტურიზმის სფეროში რეფორმის მიზანი ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაცია უნდა ყოფილიყო.
თამუნა თანდაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, კანონში შესული ცვლილებები აღარ ემსახურება ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესებას და ახალი ატრაქციების შექმნას.
იგი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო გამხდარიყო ეფექტური მარეგულირებელი ორგანო და რეფორმა ძირითადად "გადავადებებით" შემოიფარგლება.
ამით თანდაშვილი “ტურიზმის შესახებ” კანონში მორიგ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც დარგში არსებული რეგულაციებისა და საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას ითვალისწინებს. ცვლილებები ახლებურად არეგულირებს როგორც ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაციის, ისე ტუროპერატორებისთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნისა და მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობისათვის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხებს.
„ზოგადად ტურიზმის რეფორმის მთელი არსი და კანონმდებლობაზე მუშაობის არსი იყო კერძო სექტორის საქმიანობის გაუმჯობესება, ბერკეტების შექმნა, რადგან როდესაც დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიხარ, ჩამკეტი რეგულაციები გჭირდება, როდესაც გინდა, რომ მასშტაბურ ქვეყნებზე იმუშაო, მოიზიდო ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ., რაზედაც სწორებაც ბოლო წლებში ვნახეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ევროპულ რეგულაციებზე, რასაც აპრიორში მიზნად ისახავდა რეფორმა - რეგულაციების სინქრონიზაცია ევროპულ რეგულაციებთან.
ვინაიდან პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც კანონში შედის, არ ჩანს, რომ ემსახურებოდეს ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესებას, ემსახურებოდეს ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნას, რეგულაციების შემოღებას, რომელიც სინქრონიზირებული იქნება ევროპული ბაზრების მოსაზიდად.