
ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები EU და დიდი ბრიტანეთი არიან - TBC Capital
ტურისტული შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზრები ტურისტული ნაკადებით მე-4 ადგილს იკავებს.
ეს ნიშნავს რომ ვიზიტორები ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან საშუალოდ მეტს ხარჯავენ სხვა ძირითად ბაზრებთან შედარებით.
ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი კვარტალის მონაცემებს მიმოიხილავს. ამ პერიოდში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 830 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უშუალოდ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული შემოსავლები პირველ კვარტალში 36%-ით 141 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ მოდის რუსეთი 124 მლნ დოლარით (კლება 12%), ხოლო მესამე ადგილზეა 120 მლნ დოლარით თურქეთი (ზრდა 12%).
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტორთა ნაკადები, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ძირითადი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (-12% და -13% კლება). შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს, თურქეთისა და უკრაინის ბაზრებიდან, რამაც დააბალანსა ზემოხსენებული ნეგატიური დინამიკა და მთლიანი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მცირედი ზრდა გამოიწვია.
ამას გარდა, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული ბაზრები ტურისტული შემოსავლის თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვნად რჩება. ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებში წილით ისრაელი მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს და მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საუდის არაბეთს, მან ყველაზე დიდი წლიური ზრდა (48%) დააფიქსირა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 0.2%-იანი კლებაა. ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან (-11%) და აზერბაიჯანიდან (-8%), ნაკადების შესუსტებით არის განპირობებული.