მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ - მერაბ ლომინაძე
თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ - მერაბ ლომინაძე

თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ - მერაბ ლომინაძე

BM.GE30 მაისი, 2026, 21:18|bm.ge

"თურქეთს ქართული დენი აღარ სჭირდება, აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გადავიტანოთ" - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე აცხადებს.

მისი თქმით, თურქეთის ბაზარი, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ჰიდროგენერაციის მთავარი მიმღები იყო, დღეს რამდენიმე ფაქტორის გამო აღარ არის მიმზიდველი. პირველი ეს არის მეზობელ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი. თუმცა, მეტად საყურადღებო თურქეთის შიდა გენერაციის ზრდაა.

„თურქეთმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 40%-ით გაზარდა, ხოლო სხვა განახლებადი სადგურების სიმძლავრეები - 15-16%-ით. ამასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გაშვებაც 2029-2030 წლებში იგეგმება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, თურქეთმა მზაობა გამოხატოს ქართული დენის შესყიდვაზე, რადგან გაზაფხულზე მას საკუთარი ჰიდრო და სხვა განახლებადი წყაროებიდან საკმარისი გენერაცია აქვს“, - აცხადებს ლომინაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, საქართველო ზედმეტად იყო დამოკიდებული თურქულ ბაზარზე, ამიტომ, ენერგეტიკის სექტორმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბაზრების დივერსიფიკაცია და ორიენტირი შიდა მოხმარების მდგრადობაზე აიღოს.

მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი არა ექსპორტზე ორიენტირება, არამედ ძლიერი შიდა მოთხოვნის შექმნაა - მისი ხედვით, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს ენერგოტევადი დარგების განვითარებას, რაც ელექტროენერგიას ქვეყნის შიგნით დატოვებს და ეკონომიკას მეტ დამატებულ ღირებულებას მოუტანს.

„ენერგეტიკისთვის პირველადი მოხმარება უნდა იყოს ქვეყნის შიგნით და ეს მოხმარება უნდა იყოს მდგრადი. საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ენერგოტევადი საწარმოა გაჩერებული. ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ მონაცემთა ბაზების (Data) ცენტრები, როგორიც, მაგალითად, სომხეთში იხსნება. ვგულისხმობ ახალ მეტალურგიულ და ფეროშენადნობთა ქარხნებს. ეს ყველაფერი ქართულ ენერგეტიკას მისცემს საშუალებას, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ბაზრებზე და არ მიიღოს მნიშვნელოვანი დარტყმები“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.

მისივე განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულმა ენერგეტიკამ ახალი ბაზრებიც უნდა მოძებნოს, რათა ერთ რომელიმე ქვეყანაზე ან ერთ რომელიმე ბაზარზე არ იყოს "ჩამოკიდებული".

"ახალი ბაზარი შესაძლებელია იყოს სომხეთი, შესაძლებელია ეს იყოს ევროპაზე პირდაპირ გასვლა შავი ზღვის კაბელის მეშვეობით, შესაძლებელია იყოს იგივე რუსეთი. მოგახსენებთ, რომ თუნდაც ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ენერგეტიკის დარგში და რიგ შემთხვევაში, მისი რიგი რეგიონები არის ენერგოდეფიციტური.

რაც შეეხება სომხეთის ნაწილს, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენ მოგვიწევს სხვა ქვეყნებთანაც კონკურენცია ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხით, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში დადებული გარიგებების შესაბამისად, სომხეთის მოხმარება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მომდევნო 16-18 თვის განმავლობაში, რადგანაც იქ კომპანია „ენვიდია“ აპირებს და უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული - მონაცემთა ბაზა ააშენოს, რომელიც 500 მეგავატიანი იქნება. ამიტომ სომხეთს ნამდვილად დასჭირდება დენი. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანთან ალბათ შესაძლებელია, რომ დაიდოს თუნდაც ე.წ. სვოპური ტიპის გარიგებები - იმ პერიოდში, როცა საქართველოს ჭარბი ელექტროენერგია ექნება, ჩვენ გავიტანდით ამ დენს, ხოლო როდესაც ენერგოდეფიციტური სეზონი იქნებოდა, მაშინ უკვე ჩავანაცვლებდით სხვა ექსპორტიორ ქვეყნებს აზერბაიჯანული ელექტროენერგიით",- ამბობს მერაბ ლომინაძე.

Galt &Taggart-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, როდესაც ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 39% იყო. ამასთან, თურქეთი წელს 4 თვიდან 3 თვეში იმპორტის მთავარ წყაროებს შორის იყო.

2025 წელს საქართველოს ადგილობრივი გამომუშავება იყო 13.8 მილიარდი კილოვატ საათი, საიდანაც 11 მილიარდი კილოვატ საათი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებას შეადგენდა. გასულ წელს საქართველოს შიდა მოხმარება შეადგენდა 14.9 მილიარდ კილოვატ საათს, შესაბამისად ქვეყანა ნეტო იმპორტიორი იყო (იმპორტის ნეტო მოცულობა 1.1 მლრდ კილოვატ საათი). უფრო დეტალურად, იმპორტი შეადგენდა 1.6 მილიარდ კილოვატ საათს, ხოლო ექსპორტი კი 511 მილიონ კილოვატ საათს. აქედან 401 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა თურქეთში, აზერბაიჯანში 50.2 მილიონი კილოვატ საათი, სომხეთში 52 მილიონი კილოვატ საათი, რუსეთში კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი. რაც შეეხება იმპორტს, 1.6 მილიარდი კილოვატ საათიდან 971 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან 417 მილიონი კილოვატ საათი, სომხეთიდან 128 მილიონი კილოვატ საათი, თურქეთიდან კი 40 მილიონი კილოვატ საათი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა" - დავით მჟავანაძე

"როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა" - დავით მჟავანაძე

BM.GE

Shein-ი ტანსაცმლის ეკომეგობრულ ბრენდ Everlane-ს $100 მილიონად შეისყიდის

Shein-ი ტანსაცმლის ეკომეგობრულ ბრენდ Everlane-ს $100 მილიონად შეისყიდის

BM.GE

50 წელს გადაცილებულთა დასაქმებით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს - OECD-ის წევრების რეიტინგი

50 წელს გადაცილებულთა დასაქმებით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს - OECD-ის წევრების რეიტინგი

BM.GE

ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

ჰორმუზის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას პენტაგონი არ ადასტურებს

BM.GE