
უკრაინის იერიშის შემდეგ მოსკოვის "გაზპრომის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის
ხუთშაბათს დილით, უკრაინულმა დრონებმა ამ კვირაში უკვე მეორედ დაარტყეს მოსკოვის „გაზპრომ ნეფტის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას. აღსანიშნავია, რომ „გაზპრომ ნეფტი“ რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტის, „გაზპრომის“ შვილობილი ნავთობკომპანიაა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის დედაქალაქის ბენზინით და დიზელით მომარაგებაში.
„საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა [მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე] მიღწევა", - განაცხადა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა და დასძინა, რომ ასევე დაზიანდა სავაჭრო ცენტრიც. მისივე მტკიცებით, დედაქალაქისკენ მიმავალი დაახლოებით 180 დრონი ჩამოაგდეს.
საინფორმაციო სააგენტო RIA შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოსკოვის წრიულ ავტომაგისტრალზე, ქარხნის სიახლოვეს, მოძრაობა შეჩერდა.
მოსკოვის მიმდებარე ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დრონების თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამრეწველო ობიექტი და რამდენიმე კერძო სახლი.
მოსკოვის ყველაზე დატვირთულმა, შერემეტიევოს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა და ხალხის ევაკუაცია განახორციელა.
რუსეთის მხარის განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში 555 უკრაინული დრონი გაანადგურეს. თუმცა, რეალურად ჩამოგდებული დრონების ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, პირველმა დარტყმამ, რომელიც სამშაბათს განხორციელდა, უკვე შეაჩერა ქარხნის მუშაობა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების მასშტაბური დაზიანება და ქვეყნის სიღრმეში საწვავის კრიზისი გაამწვავა. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მესამე უმსხვილესი მწარმოებელი და ნავთობისა და საწვავის მთავარი ექსპორტიორია, ამ თვეში გეგმავს საწვავის ზღვით იმპორტს, რათა გაუმკლავდეს ბენზინის დეფიციტს, რომელიც მის ქარხნებზე უკრაინული დრონების ინტენსიური თავდასხმების შედეგად წარმოიქმნა.
BM.GE
წყარო: bm.ge