
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის მწარმოებელ შპს „ანაკლიაში“ ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კომპანიას ჯარიმა დაეკისრა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა საწარმო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. მათ შორის, გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, დარღვეული იყო პროდუქციის ეტიკეტირების წესებიც. ინსპექტორებმა ასევე დააფიქსირეს ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეჩერდა.
BM.GE
წყარო: bm.ge