
ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე სახალხო დამცველის ყოფილი ოფისი 5.5 მილიონ ლარად იყიდება
ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა სახელმწიფო აუქციონზე იყიდება. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი 5 491 000 ლარია, ხოლო აუქციონი 13 აგვისტოს დასრულდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობების მიხედვით, გასაყიდი ობიექტი მოიცავს ქალაქ თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩა N12-ში მდებარე 674 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ ხუთ შენობა-ნაგებობას, მათ შორის ორ მიწისქვეშა ნაგებობას, ასევე თანდართულ მოძრავ ქონებას.
აუქციონის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო დასკვნის მიხედვით, შენობაში მრავალრიცხოვანი კონსტრუქციული დაზიანებები ფიქსირდება.
ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია, რომ სხვადასხვა სართულზე განვითარებულია დახრილი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამჭოლი ბზარები, დაზიანებულია კედლები, ტიხრები, გადახურვის ფილები და იატაკი. დოკუმენტის მიხედვით, კიბის უჯრედში კედლის წყობის ხსნარი გამოტუტულია, კიბის მარში კი კედელს დაახლოებით 2 სანტიმეტრითაა დაშორებული. ასევე გამოვლენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების კოროზია, ხოლო სარდაფში შეინიშნება ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების კვალი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობა XX საუკუნის 90-იან წლებშია აშენებული, მდებარეობს დახრილ რელიეფზე და კონსტრუქციული თვალსაზრისით არარეგულარულია. ნაგებობა შედგება სწორკუთხა მრავალსართულიანი და წრიული ფორმის 3-სართულიანი ბლოკებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან სეისმური ნაკერებით არის გამოყოფილი.
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული შენობა 2018 წელს დატოვა. 2021 წელს ჩატარებული ტენდერით კი უწყებისთვის 9 მილიონ ლარად ახალი ოფისი აშენდა.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებისთვის საგარანტიო თანხა 549 100 ლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
BM.GE
წყარო: bm.ge