
ველით, რომ კომპანიები კორპუსებიდან საოფისე სივრცეებში გადაინაცვლებენ - ნატო ბოჭორიშვილი
მომდევნო ორი წლის განმავლობაში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება 30%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ვაკანტურობისა და კონკურენციის სურათს - ამის შესახებ BMG-სთან „ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატო ბოჭორიშვილი საუბრობს.
მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა, კომპანიების მხრიდან სამუშაო გარემოს მიმართ გაზრდილი მოთხოვნებია. ნატო ბოჭორიშვილის თქმით, კომპანიებმა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ოფისებიდან თანამედროვე ბიზნესცენტრებში გადაინაცვლეს.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩემი პირადი დაკვირვებით, მოთხოვნები კომპანიების მხრიდან ნამდვილად გაიზარდა. თუ ადრე მათთვის არ იყო კრიტიკული ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, აივნები თანამშრომლებისთვის მოსაწევად, ან სივრცე რამდენად მოწესრიგებული იყო, დღეს ეს უკვე აქტუალურია. კომპანიები ცდილობენ, ოფისები უფრო მოწესრიგებულ გარემოში იქირაონ“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ამჟამად ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ადგილმდებარეობად ვაკე და საბურთალო რჩება, სადაც ვაკანტურობა მინიმალურია და 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს. შერჩევისას ნომერ პირველ ფაქტორად კვლავ ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა რჩება.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საოფისე ფართებზე მოთხოვნის მკვეთრი ნახტომი დიდწილად IT სექტორში მიღებულმა საგადასახადო შეღავათებმა და საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია. მისი თქმით, მიწოდება ამ მოთხოვნას ვერ დაეწია, რამაც ბაზარზე დეფიციტი წარმოქმნა. თუმცა, მომავალში, ეს ტემპი შეიცვლება.
„დაახლოებით, 30%-ით გაიზრდება საოფისე ფართების ბაზარი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რასაც, წესით, მოთხოვნა ვერ დაეწევა. სწორედ ამის გამოა ის პროგნოზები, რომელიც ვაკანტურობის გაზრდას ეხება.
ბაზრის განვითარების პოტენციალს ვხედავ რამდენიმე მიმართულებით. ერთი - ეს არის, რომ გააუმჯობესონ საოფისე სივრცეები იმ კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა კორპუსებში მდებარე ოფისებში არიან. ასევე, მოთხოვნა გაიზრდება, სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე, რომ მუშახელიც და კომპანიებიც გაიზრდებიან და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება, გაფართოება დასჭირდებათ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მოთხოვნა გაიზრდება“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.