
ვენახის გაშენების ნებართვაზე ცვლილებები ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - სამანიშვილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ ახალი წესები, რომლის მიხედვითაც ახალი ვენახის გაშენება მთავრობის ნებართვის გარეშე 1 მაისიდან აიკრძალა, ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს მინიმუმ მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ეს არ არის აკრძალვა, არამედ ბიუროკრატიული ბარიერია, რომელიც მხოლოდ მცირე მევენახეებს შეაფერხებს, მსხვილი მწარმოებლებისთვის კი ფაქტობრივად არაფერი იცვლება.
სამანიშვილი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ხარჯავს რთველის სუბსიდირებაზე, თუმცა ჩაბარებული ყურძნის ხარისხი არ უმჯობესდება.
"დადგენილი წესები არ წარმოადგენს აკრძალვას, ეს მხოლოდ ბარიერებია, რომლებიც ხელს შეუშლის პატარა მევენახეებს, გააშენონ მცირე ფართობის ვენახები. მსხვილ მევენახეებს კი პრინციპში, ვენახის გაშენება არც კი გაუძვირდებათ. ასე რომ ჭარბწარმოებაზე ეს ცალსახად არ იმოქმედებს.
ბევრი აპელირებდა იმაზე, რომ ხარისხი გაუმჯობესდებოდა და მოჰყავდათ დასავლეთის ქვეყნების, მაგალითად, კალიფორნიის მაგალითი. ის, რაც ნებართვის გაცემის წესში წერია, არანაირ კავშირში არ არის ხარისხთან. ხარისხი გაცილებით რთული და კომპლექსური თემაა. ის თუ რამდენად ახლოს ან შორს არის გრუნტის წყლები, მოქმედებს გარკვეულ მახასიათებლებზე, მაგრამ ხარისხთან პირდაპირ კავშირში არ არის.
მესამე მიზეზად დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება დასახელდა, სადაც ასევე არსებობს ნებართვები. ესეც ცოტა დემაგოგიური არგუმენტია, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ვენახის გაშენების ნებართვა მოქმედებს (და ასეთი ბევრია), მიზანი აბსოლუტურად განსხვავებულია. იქაური რეგულაციების მიზანი იყო, რომ ქვეყნებში ვენახის ფართობები კონტროლს მიღმა არ გაზრდილიყო.
ასე რომ, ეს ცვლილებები ვერც ხარისხზე და ვერც მომავალ რთველზე ვერც წელს, ვერც გაისად და ვერც მის შემდეგ გავლენას ვერ იქონიებს. შედეგი იქნება მხოლოდ ის, რომ ხელი შეეშლებათ მცირე მევენახეებს, - ამბობს სამანიშვილი.
ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.
სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.
სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.
BM.GE
წყარო: bm.ge