
ვენახის გაშენების რეგულირება EU-ის ქვეყნებში ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში - ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვენახის გაშენების რეგულირება ბერვად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სააგენტოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემოღება ხარისხიანი პროდუქტის მიღების მიზნით ხდება.
„მთავარი მიზანი ისევ და ისევ ხარისხი და დარგის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებაა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ეს არანაირად არ ეხება უკვე არსებულ და გაშენებულ ვენახებს. ამასთან, იყო შენიშვნა, რომ რეგისტრაციას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მოვთხოვთ - ეს ასე არ არის. თუ მევენახეს 2026 წლის 1-ელი მაისის შემდეგ ვენახის გაშენება უნდა, ის ერთჯერადად შემოიტანს განაცხადს, უბრალოდ, მას ამ საქმისთვის, ამ ნებართვის რეალიზაციისთვის სამი წელი ექნება. თუ ის ამ სამი წლის განმავლობაში არ გააშენებს ვენახს, მაშინ მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ხელახლა მომართვა. ზოგადად, ეს ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკა. ყველა წევრ-ქვეყანას აქვს ვენახების გაშენების ნებართვის ვალდებულება, რომ კომისიის მსგავსი მომენტი და ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში“, - განაცხადა მეხუზლამ.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლებმა "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომლითაც ახალი, სამეწარმეო მიზნებით ვენახის გაშენება რეგულირდება. 1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.
BM.GE
წყარო: bm.ge