
"ვერ ვიტყვი, რომ დღეს, სასტუმროების სფერო მომგებიანია"|"ინნ ჯგუფის" დირექტორის ანალიზი და პროგნოზი
სასტუმროების ქსელ “ინნ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, დღესდღეობით, სასტუმროების ბიზნესი საქართველოში მომგებიანი არ არის.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა და ტენდენციები შეაფასა.
ერეკლე კოკაიას შეფასებით, საქართველოში, ტურიზმიდან მიღებული ჯამური შემოსავლების ზრდის მიუხედავად, სასტუმროების სექტორი დღემდე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
საქმე ის არის, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 9 თვეში საქართველოს 4.4 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2.3%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.8 მილიარდს მიაღწია (+4.4%).
"დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლები მართლაც გაიზარდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ზრდა ხარჯებთან შეფარდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებთან ახლოსაც არ არის. ხარჯები თუ ორჯერ გაიზარდა, შემოსავალი ორჯერ ნამდვილად არ გაზრდილა. გარდა ამისა, თუ მაშინ შემოსავალი, სიტყვაზე, 100 კომპანიაზე ნაწილდებოდა, დღეს უკვე 400 კომპანიაზე ნაწილდება და თითოეულს უფრო ნაკლები ხვდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გამოიყენებს სტატისტიკას. კარგია, რომ ზრდა არის, თუმცა სასტუმროების სფეროში დღემდე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მომგებიანი მიმართულება საქართველოში“, - აღნიშნა “ინნ ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა.
"Inn ჯგუფი" სასტუმროებს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში ფლობს.
ერეკლე კოკაიას აზრით, სექტორის დაბალი მომგებიანობის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ სასტუმროების მიწოდება და ნომრების რაოდენობა ბევრად უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა, ვიდრე - ტურისტების ნაკადი.მისი თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული დროა საჭირო, სანამ ვიზიტორთა ზრდის ტემპი არ გადაასწრებს ახალი სასტუმროების მიწოდებას.
“ამ ეტაპამდე, ჯერჯერობით, არ მივსულვართ. ყოველ შემთხვევაში, ტენდენცია სწორია - ტურისტების რაოდენობა რომ იზრდება, კარგია, თუმცა სანამ თვითონ ინდუსტრია მომგებიანი გახდება, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, გამოეთიშოს თამაშს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო“, - დასძინა მან.
“წერტილთან” ინტერვიუში ერეკლე კოკაიამ ყურადღება გაამახვილა ბაზრის სტრუქტურასა და ტურისტების სეგმენტაციაზეც. მისი თქმით, მხოლოდ მაღალხარჯველუნარიან სტუმრებზე ორიენტირება სასტუმროების სექტორს ვერ გადაარჩენს, რადგან ქვეყანას უპირველესად მასობრივი, რაოდენობრივი ზრდა და საშუალო ფენის ვიზიტორები სჭირდება.
„მხარჯველუნარიანობაზე მეტად, აუცილებელი არის ვიზიტორების რაოდენობა. დავუშვათ, დღეს 100 მილიონერი რომ ჩამოვიდეს საქართველოში და გაისად - 300, ეს უზარმაზარი ზრდაა, მაგრამ 300 მილიონერი რამდენ სასტუმროს შეავსებს?! ძალიან ცოტას, საქართველოში კი, ბევრად მეტი სასტუმროა. ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობის ზრდა ყველა სეგმენტში. კი, კარგია, რომ მდიდარი ჩამოვა და, მაგალითად, “პარაგრაფში” დაისვენებს, მაგრამ სხვა სასტუმროებმა რა ქნან, რომლებიც იმავე დონის არ არიან?! აუცილებელია, ყველა სეგმენტი გვყავდეს, მათ შორის საშუალო ფენაც“, - აცხადებს ბიზნესმენი.
სასტუმროებში ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად კი, ერეკლე კოკაიამ აღნიშნა, რომ საინვესტიციო ბანკების ანალიზი მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის მონაცემებს ეყრდნობა, რაც მთელ ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციას არ ასახავს.
"რეალურად, საქართველოში ჩამოსვლა და დასვენება იაფი მაინც არ არის. სასტუმროების ფასები დიდად არ გაზრდილა - განსაკუთრებით არაბრენდულ სასტუმროებზე, მათ შორის თბილისში. საინვესტიციო ბანკის მონაცემები ეყრდნობა 5-6 ბრენდს. ეს ქსელური ბრენდები წარმოადგენენ სასტუმროების ძალიან პატარა პროცენტს, როცა ქვეყანაში ათასობით სასტუმროა. შესაბამისად, მხოლოდ ბრენდული სასტუმროებით ვერ იმსჯელებთ მთლიანად ინდუსტრიაზე, თუმცა იმ კონკრეტულ ბრენდულ სასტუმროებში, რომ ნომრის ფასი გაიზარდა, მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge