
"ვფიქრობ, ტურისტული პაკეტები 20-25%-ით გაძვირდება" - "ჰორიზონტ თრეველი" ტენდენციებზე
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და საავიაციო საწვავის გაძვირების ფონზე, მოგზაურები ზაფხულის სეზონისთვის წინასწარ ავიაბილეთების შეძენისას ფრთხილობენ. როგორც ტუროპერატორები აცხადებენ, გაურკვევლობამ და უსაფრთხოების რისკების აღქმამ მომხმარებლებში კითხვები გააჩინა - იყიდონ თუ არა ბილეთები ახლა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფასები იზრდება და ავიაკომპანიების ნაწილი ფრენების ოპტიმიზაციას აგრძელებს.
„ჰორიზონტ თრეველის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, თეიმურაზ ერგეშიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ვითარება ბილეთების ღირებულებაზე უკვე აისახა.
„არ შეიძლებოდა, რომ საავიაციო საწვავის 10%-იანი გაძვირება არ ასახულიყო ბილეთების ფასზე... ბილეთები შედარებით ძვირია, საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები ალბათ 20-30%-ით მომატებულია“, - განაცხადა ერგეშიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ტუროპერატორები უკვე ელიან, რომ ტურისტული პაკეტებიც გაძვირდება: „მე ვფიქრობ, რომ 20-25%-იანი ფასნამატი მაინც ექნება პაკეტებს“, - ამბობს ერგეშიძე.
მისი შეფასებით, მიუხედავად ამისა, გაყიდვებში მკვეთრი კლება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ტურისტული ბაზარი, მისი თქმით, შედარებით სტაბილურ მიმართულებებზე გადაეწყო. ის დასძენს, რომ ზაფხულში მოთხოვნის მთავარი მიმართულებები, სავარაუდოდ, ევროპაზე, ანტალიასა და კრუიზებზე გადანაწილდება. „ვფიქრობ, ევროპა და ანტალია იქნება ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები“, - ამბობს ის.
მისი თქმით, თურქეთი კრიზისის ფონზე შედარებით უსაფრთხო მიმართულებად აღიქმება, რაც მოთხოვნას აძლიერებს.
„ანტალია იქნება ძალიან კარგად დატვირთული წელს, იმიტომ რომ თურქეთი რჩება ყველაზე წყნარ და მშვიდ ზონად“, - აღნიშნავს ერგეშიძე.
მეორე მხრივ, გარკვეული მიმართულებები უკვე ზარალდება. მაგალითად, შარმ ელ-შეიხზე მოთხოვნა, რომელიც გაზაფხულზე ტრადიციულად მაღალი იყო, შემცირდა. გავლენა შეეხო კატარის მიმართულებასაც, რომელიც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მზარდი ბაზარი იყო.
„შარმ-ელ-შეიხის მიმართულება ახლა შეჩერდა... მაინც თავს იკავებენ ამ კონფლიქტური სიტუაციების გამო. კატარის მიმართულებითაც დიდი იყო მოთხოვნა... მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კატარის საკითხი ჯერჯერობით არ დგას“, - აცხადებს ერგეშიძე.
მისი თქმით, ნაწილობრივ ამ ჩავარდნას ალტერნატიული გადამყვანები აბალანსებენ, მათ შორის Air Astana, რომელმაც აზიური მიმართულებების ნაწილი გადაიბარა.
BM.GE
წყარო: bm.ge