
ვფიქრობთ, 5 წელიწადში იმპორტირებულ თევზს 30%-ით ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლებთ - აკვაკულტურის ასოციაცია
დღეისათვის საქართველოს ბაზარზე თევზის 97% იმპორტირებულია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად შემუშავებული სტრატეგია 2028 წლამდე ადგილობრივი წარმოების გახუთმაგებას ითვალისწინებს, თუმცა აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებული ნელი ტემპით დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია.
სოფო დიასამიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არ არის. ქართველი ფერმერების უმეტესობა მოძველებული მეთოდებით მუშაობს, რაც კლიმატური ცვლილებების ფონზე დარგს დაუცველს ხდის. ტემპერატურის მატება და ჟანგბადის ნაკლებობა თევზის დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია გადასვლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
“აკვაკულტურა არის დარგი, რომელიც გადადის გარდამავალ პერიოდში. ვფიქრობ, გლობალური დათბობის პირობებში აუცილებელია გადავიდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე აკვაკულტურაში. ამისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ისრაელის ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც მუშაობს მსგავს სისტემებზე. უნდა ვისწავლოთ სხვა ნაბიჯის გადადგმა აკვაკულტურაში და უნდა დავასტაბილუროთ ეს დარგი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ, არამედ ექსპორტზეც გვქონდეს პრეტენზია. რა თქმა უნდა, დარგში რჩება უამრავი პრობლემა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ამას ვაგვარებთ.
ჩვენმა ორგანიზაციამ აიყვანა წლების გამოცდილების მქონე თანამშრომელი, რომელიც იქთიოპათოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრები, როგორც ცენტრალური, ასევე აჭარის სამინისტროს ლაბორატორიული ცენტრი, მზად არის თევზის დაავადებებზე მუშაობისთვის. აქ იყო ერთადერთი საკითხი — გვჭირდებოდა იქთიოპათოლოგი, რომელიც მეურნეობაში გააკეთებდა სწორ ანამნეზს და ნიმუშის ლაბორატორიამდე მიტანას უზრუნველყოფდა. ეს საკითხიც მოგვარდა.
სტრატეგია მხოლოდ დაწერა არაფერს ცვლის. სასწრაფოდ გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები. სტრატეგიის მიხედვით ვეტერინარიასა და სურსათის უვნებლობაზე მოთხოვნები ყველაზე კარგად შესრულდა. სეს-მა გადადგა ნაბიჯები. ჩვენ იქთიოპათოლოგიის პრობლემა მოვაგვარეთ. ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც უკვე მეტ-ნაკლებად არის და შესაძლებელია სახელმწიფოს ჩართულობაც. აი ამ ყველაფერს თავმოყრა უნდა მოხდეს ერთად და უკვე სტარტი უნდა აიღოს დარგმა განვითარებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა დავიწყოთ. ასე თუ გავაგრძელებთ იგივე ცოდნით, იგივე ცნობიერებით, სტრატეგიას, რა თქმა უნდა, ვერც დავეწევით და ვერც დარგს ვერ განვავითარებთ. ამიტომ საგანმანათლებლო კუთხეა სასწრაფოდ ჩასართავი, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. თითქმის ყველაფერი უკვე ინდივიდუალურად გაკეთებულია და ერთ რგოლშია ყველაფერი მოსაქცევი, რომ დარგმა სტარტი აიღოს განვითარებისთვის.