
ვფიქრობთ, თხილის წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე სულ მცირე 10%-ით მეტი იქნება - ქარდავა
საქართველოში თხილის აღების სეზონი ახლოვდება, თუმცა შარშანდელი რეკორდული შემოსავლების შემდეგ, მწარმოებლები წელს ფასის კლებას პროგნოზირებენ. თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ამბობს, რომ მიზეზი თურქეთია, სადაც წელს დიდ მოსავალს ელოდებიან, ასევე გაზრდილია საქართველოში თხილის მოსავლის პროგნოზიც.
„წინა სეზონზე თხილის სექტორში გაუტეხავი თხილის რეკორდული ფასი დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო გასული წლის აპრილში თურქეთში თხილის გაყინვით. თუმცა წელს ანალოგიური სიტუაცია აღარ ყოფილა. ფაქტობრივად, კარგი ამინდები დაიჭირა, რის გამოც თურქეთში თხილის მოსავლის საკმაოდ მაღალი მოლოდინია და 800 000 ტონას პროგნოზირებენ (შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 500 000 ტონას შეადგენდა).
ჩვენს შემთხვევაშიც მოსავლის საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მოსავალი, წინა წელთან შედარებით, სულ მცირე 10%-ით მაინც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ისეთივე მაღალი ფასი შენარჩუნდეს, როგორიც წინა წელს იყო, თუმცა მოლოდინი მაინც საკმაოდ მაღალი ფასის გვაქვს, თუ შევადარებთ მაგალითად, 2024 წლის მოსავალს, როდესაც შედარებით დაბალი ფასი ფიქსირდებოდა. ანუ, 2025 წელთან შედარებით ფასი ნაკლები იქნება, თუმცა არარეკორდულ წლებთან შედარებით მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება", - ამბობს ქარდავა.
წლებია მეთხილეები ფაროსანას ებრძვიან, თუმცა წელს ბაღებში ახალი დაავადების გაჩენამ პრობლემის მასშტაბი გაზარდა. თუ ფაროსანა ნაყოფს აზიანებდა ამ შემთხვევაში მთლიანად ხე ხმება. ახალი დაავადება განსაკუთრებით პრობლემური გურიისა და სამეგრელოს რეგიონებშია.
„ჯერჯერობით მკურნალობის გარანტირებული მეთოდი არ არსებობს. ხელმისაწვდომია მხოლოდ პრევენციის გზები, რაც შემოდგომაზე სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლობას გულისხმობს და შესაბამისი სპეციალისტებიც რეკომენდაციებს სწორედ ამ მიმართულებით გასცემენ. ეს პრობლემა ამ ეტაპზე მოსავლის რაოდენობაზე რადიკალურად არ მოქმედებს, თუმცა თუ პროცესი ასე გაგრძელდა და რეაგირება არ მოხდა, ის აუცილებლად აისახება მოსავლის მოცულობაზეც.
რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, მასზე გავლენას ფაროსანა ახდენს. ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული, ფაროსანა მნიშვნელოვან კვალს ტოვებს თხილის ხარისხზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ ვებრძოლოთ ფაროსანას, სანამ მოსავალი შემოვა, ხოლო მოსავლის დაბინავების შემდეგ ფერმერებმა უკვე გარკვეული ზომები ახალი დაავადების წინააღმდეგ მიიღონ, რათა მომავალი წლისთვის ხეების ხმობა არ გვქონდეს. ეს პრობლემა ჯერჯერობით მასშტაბური არ არის, თუმცა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და თუ ზომები არ მივიღეთ, აუცილებლად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს", - გვეუბნება თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად, თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით თხილი ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონლის ათეულშია.
BM.GE
წყარო: bm.ge