
ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის(KIU) რექტორად დაინიშნა? - ბიოგრაფია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცაგარელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ბრძანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ცაგარელი დანიშვნის შესახებ გასულ 11 მაისს გამოქვეყნდა.
ცაგარელი პოზიციას 5 წლით დაიკავებს.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ვახტანგ ცაგარელმა, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, „უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში“.
ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ვახტანგ ცაგარელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით.
თსუს დასრულების შემდეგ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით სასწავლო კურსი გაიარა. სხვადასხვა დროს ცაგარელი სასწავლო პროგრამებით იმყოფებოდა აშშ-სა და ჩეხეთში:
• 2006-2007 წლებში (აშშ): ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Research Triangle Park-ში დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო ბოსტონში გაიარა სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. • ჩეხეთი: სასწავლო კურსი გაიარა პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში. • აშშ (ჰარვარდის მხარდაჭერით): ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით.
ის ასევე არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში და გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.
უნივერსიტეტისვე ინფორმაციით, ვახტანგ ცაგარელი, როგორც მკვლევარი, მეცნიერი და პროექტების მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომერციულ კომპანიებში.
იგი იყო ინტერნეტ პროვაიდერ Geonet-ის ტექნიკური დირექტორი, ასევე ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-ში, სადაც საქართველოს წარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
2017 წლიდან ცაგარელი პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე გადავიდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში „ქართუ“, რის პარალელურადაც ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს.
BM.GE
წყარო: bm.ge