
ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის განახლებას, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზის განახლების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავებულია კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას. თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება საოპერაციო მოგების მარჟას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. გატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობამ 30%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის გადაკვეთის დრო 20%-ით შემცირდა.
"ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად აქტიურად ვითარდება სამგზავრო მიმართულებაც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს და მგზავრობა უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.