
ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ნამახვანის, ასევე, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
BMG-ისთვის მომზადებულ წერილობით განმარტებაში წერია, რომ “საქართველოს სჭირდება ახალი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იქნება სარეზერვო სიმძლავრე ჩვენი ქვეყნისთვის”.
BMG-ს კითხვები გამომდინარეობდა მიმდინარე წლის 8 მარტს, “იმედთან” ინტერვიუში მარიამ ქვრივიშვილის განცხადებიდან, სადაც მან “ხუდონჰესის” პროექტზე ისაუბრა.
“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ [ნამოხვანიჰესის] პროექტს დააბრუნებს”, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
BMG-ის კითხვებზე (1. გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ე.წ. დიდი ჰესების მიმართ? 2. საინტერესოა, როგორც პროექტის განხორციელების ფორმა [ინვესტორი თუ კერძო-საჯარო პარტნიორობა], 3. რა კეთდება და ბოლო 5 წელიწადში რა გაკეთდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის? 4. სხვა დიდი ჰესების [ნენსკრა და ნამახვანჰესი] პროექტებთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს სამინისტროს) კონკრეტული პასუხები გაცემული არაა და ძირითადად, მთავრობის გეგმებზეა საუბარი, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას.
“2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი უნდა გახდეს სრულიად თვითკმარი - ამ მიზანს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი სტრატეგია და ათწლიანი სამოქმედო გეგმა.
ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და 10 წელიწადში დაახლოებით 11 500 მგვტ-ს მიაღწევს.
სტრატეგია მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას - ქვესადგურების, გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას.
სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესების, რაც არსებითად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებს.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ნამახვანის, ასევე, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისე, გარემოზე და სოციალური ზემოქმედების კუთხით.
საქართველოს სჭირდება ახალი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იქნება სარეზერვო სიმძლავრე ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, 2036 წლის სახელმწიფო სტრატეგიის საბოლოო მიზანი - სრული ელექტროენერგეტიკული სუვერენიტეტი და იმპორტის ნულოვანი მაჩვენებელი პირდაპირ არის გადაჯაჭვული ახალი, დიდი მარეგულირებელი სიმძლავრეების მშენებლობასთან, მათ შორის, ეს არის ხუდონჰესის, ნენსკრას და ნამახვანი ჰესის პროექტები, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 1400 მგვტ-ის ფარგლებშია.
2036 წლისთვის, როდესაც შიდა მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზე იქნება, ამ პროექტების წილი ქვეყნის მთლიან ელექტრომოხმარებაში დაახლოებით 17%-ს გაუტოლდება”, - აცხადებენ სამინისტროში.
მარიამ ქვრივიშვილის უწყების მიერ მომზადებულ პასუხში ასევე დადებით ფაქტორად მიიჩნევენ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის იმ თემში დატოვებას/განაწილებას შეეხება, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება.
აღსანიშნავია, რომ GREDA-ს კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა მიეღოთ, კერძოდ, კერძოდ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში გაიწერა, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არც კი შესულა. პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მუშაობს სექტემბერში განაახლებს.
„განახლებადი ენერგიის პროექტებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის დასახლებაზე განაწილების შესახებ“ კანონპროექტი განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.
ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხების მობილიზება ადგილობრივი დასახლებების განვითარებისთვის ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
BM.GE
წყარო: bm.ge