
Wood House Lagodekhi გაფართოებას გეგმავს - "გვინდა, კიდევ სამი კოტეჯი დავამატოთ"
ლაგოდეხში მდებარე ეკოტურისტული ობიექტი Wood House Lagodekhi განვითარებაზე მუშაობს. უფრო კონკრეტულად, კომპანია ინფრასტრუქტურის გაფართოებას, დამატებითი კოტეჯების მშენებლობას და სტუმრებისთვის ახალი სივრცეების შექმნას გეგმავს.
როგორც Wood House Lagodekhi-ის თანადამფუძნებელმა ანანო სიყმაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, სტუმრებისთვის ახალი ღია დასასვენებელი სივრცე უკვე დაამატეს, სამომავლოდ კი კიდევ რამდენიმე კოტეჯის აშენებას განიხილავენ.
„გვსურს, კიდევ სამი და მეტი კოტეჯი დავამატოთ, თუმცა ჯერჯერობით ბაზრის კვლევას ვახორციელებთ“, - აღნიშნა სიყმაშვილმა.
ამჟამად Wood House Lagodekhi სტუმრებს ორ კოტეჯს, ორ ღია ფანჩატურს, ბარბექიუსა და საკოცონე სივრცეებს, გარე ჰამაკს და აუზს სთავაზობს. აუზი მხოლოდ ობიექტის სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. ანანო სიყმაშვილის თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და სივრცის ეტაპობრივი გაფართოებაა.
„ამ წლის მთავარი გეგმაა, კიდევ მეტად გავზარდოთ მომხმარებლების ინტერესი ჩვენ მიმართ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მყუდრო და კომფორტული გარემო შევუქმნათ. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ და მეტი სივრცე, გასართობი თუ დასასვენებელი ადგილი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“, - განაცხადა მან.
ანანო სიყმაშვილმა მიმდინარე სეზონზე არსებულ დატვირთულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნა შემცირებულია.
“სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით მიმდინარე სეზონი ნაკლებად აქტიურია, ტურისტების ნაკადი შემცირებულია, რაც ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კვლავ ჩამოდიან, მათი რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია.
შეიძლება ითქვას, რომ 50%-იანი, 60%-იანი განსხვავება გვაქვს, რადგან გაზაფხულის სეზონი ძალიან პასიური იყო. მაისიდან დავიწყეთ სტუმრების მიღება და ესეც ძირითადად შაბათ-კვირას გამოსული სტუმრები იყვნენ. რაც შეეხება ამჟამინდელ ზაფხულის ჯავშნებს, ივლისი ძალიან დატვირთული გვაქვს, აგვისტოს ჯავშნების მიღებაც დაწყებული გვაქვს", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, შემცირებულია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც. Wood House Lagodekhi-ში ძირითადად გერმანიიდან, ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს იღებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ვიზიტორების უმეტესობა ქართველია. „ძირითადად ქართველი სტუმრები გვსტუმრობენ, ათი სტუმრიდან, მეათე სტუმარი შეიძლება იყოს უცხოელი ტურისტი. მათი რაოდენობა რეალურად შემცირებულია“, - განაცხადა ანანო სიყმაშვილმა.
კომპანიის თანადამფუძნებელი ტურისტების შემცირების მთავარ მიზეზებად კლიმატურ პირობებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ასახელებს, რაც, მისი თქმით, გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ისე მოგზაურობის გადაწყვეტილებებზე.
ტურისტული ნაკადის შემცირების პირობებში ბიზნესის შენარჩუნებისთვის Wood House Lagodekhi ფასების მოქნილ პოლიტიკას, სოციალურ მედიაში აქტიურობასა და პარტნიორებთან თანამშრომლობას იყენებს.
„ბიზნესი ცდილობს, ღირებულების ვარირებას სეზონისა და მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად, იცვლება ფასებიც. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მედიის ჩართულობა და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ბიზნესი“, - განმარტა მან.
Wood House Lagodekhi ლაგოდეხში მდებარე ეკოტურიზმის მიმართულებით მოქმედი სივრცეა, რომელიც სტუმრებს ბუნებასთან ახლოს დასვენებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს.
BM.GE
წყარო: bm.ge