
ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება
ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა - ამის შესახებ ბლექ სი პეტროლიუმის (BSP) მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
BSP აღნიშნავს, რომ 23 აგვისტოდან რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლეს რაც ყაზახური ნავთობის იმპორტით განხორციელდა, 30 აგვისტოს კი კომპანიამ 90,000 ტონა ლიბიური ნედლი ნავთობი მიიღო, რაც ყულევში ტანკერმა KRITI LEGEND-მა ჩაიტანა.
BSP-ის სრული განცხადება:
„23 აგვისტოს მდგომარეობით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლეულს ამუშავებს, რითაც რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობიდან გადასვლის პროცესი წარმატებით დაასრულა. ამას წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი ივლისსა და აგვისტოს პირველ სამ კვირაში, როდესაც ქარხანა რუსული ნედლი ნავთობის პარალელურად ყაზახური წარმოშობის ნედლ ნავთობსაც ამუშავებდა. 30 აგვისტოს გემი KRITI LEGEND ყულევის შევიდა და BSP-ისთვის ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის პირველი პარტია ჩამოიტანა. ტვირთის მოცულობა 90 ათას ტონამდეა და მისი მიწოდება 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. შესაბამისად, „ბლექ სი პეტროლიუმმა“ წარმატებით განახორციელა 1-ელ და 31 ივლისს დაანონსებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
BSP-ში BMG-ს 25 აგვისტოს დაუდასტურეს, რომ კომპანიამ რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი ჩაანაცვლა და 23 აგვისტოდან ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის გადამუშავებაზე ნედლეულზე გადავიდა.
ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მიღებამდე BSP-მა 2026 წლის ივლისიდან ყაზახური წარმოშობის ნავთობის მიღება და გადამუშავება დაიწყო. ყაზახური ნავთობის იმპორტი საქართველოს ოფიციალურ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაშიც აისახა.
კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ს ლიბიიდან ნედლი ნავთობის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
ხომალდი Kriti Legend ყულევში:
BM.GE
წყარო: bm.ge