![[ყურძნის] ჭარბი მოსავლიანობა შესაძლებლობაა, რომ სექტორი უფრო მეტად განვითარდეს - დავით სონღულაშვილი](https://bm.ge/uploads/files/2026/03/26/307900/davit-songhulashvili_w_h.jpeg)
[ყურძნის] ჭარბი მოსავლიანობა შესაძლებლობაა, რომ სექტორი უფრო მეტად განვითარდეს - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მევენახეობა-მეღვინეობაში ჭარბი მოსავლიანობა პრობლემა არ არის. მაშინ როდესაც, მთავრობის ინიციატივით, სამინისტროს მიერ მომზადებული „ვაზის და ღვინის შესახებ“ კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მევენახეობისადმი მაღალი ინტერესი „ჭარბ მოსავლიანობას და შემდგომში ღვინის რეალიზაციის პრობლემებს იწვევს“ და რეგულირებას საჭიროებს. სწორედ ამ არგუმენტით შეიტანა პარლამენტმა ცვლილება კანონში. ახალი ვენახების გაშენების რეგულირების უკვე მიღებული გადაწყვეტილების გარდა, დღეს პარლამენტში სამინისტროს მიერ წარდგენილ მეორე კანონის პროექტს განიხილავენ, რომელიც ღვინის წარმოების რეგულირების გამკაცრებას მოიცავს.
ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ BM.GE-მ მინისტრ დავით სონღულაშვილს ჰკითხა - არის თუ არა პრობლემა სახელმწიფოსთვის ჭარბმოსავლიანობა და ყურძნის ჭარბმოსავლიანობა ხომ არ არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ბიუჯეტი წლების განმავლობაში რთველს ასუბსიდირებდა.
დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ჭარბმოსავლიანობა არის დარგის განვითარების და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
„ნახეთ, როგორ არის, ჭარბი მოსავლიანობა პრობლემა არ არის. ჭარბი მოსავლიანობა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალ ბაზრებზე ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ უფრო აქტიურად. ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ, როგორ შეიძლება რომ ღვინის ხარისხი გავაუმჯობესოთ და მხოლოდ ასე განვავითაროთ ღვინის სექტორი“, - განაცხადა მინისტრმა.
ხოლო კითხვაზე - როგორ განკარგავს სახელმწიფო წელს ჩაბარებულ ყურძენს, დავით სონღულაშვილის პასუხობს: „იგივენაირად, როგორც შარშან“. ის აცხადებს, რომ ღვინოზე სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იფიქროს.
„ჭარბი მოსავალი არასდროს არ ყოფილა ღვინის დარგში და არც იქნება მევენახის საზრუნავი. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი. ღვინო არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის თანაცხოვრების ნაწილი. ამიტომაც არის განსაკუთრებული, ქართულ ღვინოზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ და განსაკუთრებულად ვიფიქროთ.