
„ყველა რეგიონში ვაკეთებთ ლაბორატორიებს“ - როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმა?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უწყება რეგიონებში ადგილობრივად ლაბორატორიების განვითარებასა და ახალი ლაბორატორიების მშენებლობაზე მუშაობს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" მევენახეობის დარგში დანერგილ ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, სადაც გია პირადაშვილმა დარგში ერთ-ერთ გამოწვევად ლაბორატორიების არარსებობა დაასახელა.
"მეღვინეობა-მევენახეობა შედგება რეფორმა კომპლექსურად ბევრი რაღაცისგან და, საბოლოო ჯამში, ასე მივდივართ საბოლოო შედეგზე. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ვაკეთებთ რეგიონულ ლაბორატორიებს, რაც ხელმისაწვდომობას მისცემს ფერმერებს, რომ აუცილებლად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით ისარგებლონ და არ მოუწიოთ თბილისში, კონკრეტულად ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩამოსვლა. ეს დაწყებულია იქ, სადაც გვაქვს რეგიონული ლაბორატორიები, იმას ვაძლიერებთ, რომ კომპლექსურად დავფაროთ მომსახურებები, სადაც არ გვაქვს, იქ მივდივართ, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს და დაწყებულია ეს.
ხარისხიან ნერგებზე იყო საუბარი, თქვენ იმიტომ კი არ ჩამოგაქვთ იტალიიდან, რომ იაგია, არამედ იმიტომ რომ ზუსტად იცით, რომ იქ ხარისხის გარანტიაა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სამწუხარო მოცემულობა გვაქვს, რომ ნახევარზე მეტი ვენახების არის დავირუსებული. დავირუსებული ვენახი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს სიცოცხლის ნაკლებუნარიანობას, ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეს ვირუსი აუცილებლად აისახება ღვინოზე და არის აგრეთვე გადამდები, არადავირუსებულ ვენახებზე... შესაბამისად, დააინფიცირებს იმ ვენახსაც, რომელიც არ არის დაინფიცირებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი ნერგი შეირჩეს. კომპლექსურად, ჯამში, ყველაფერს ვკრავთ იმისთვის, რომ ხარისხსა და ერთიან საბოლოო შედეგზე გავიდეთ. ცოდნაზე ხელმისაწვდომობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.
კითხვაზე - რომელ რეგიონებში ხორციელდება პროექტები, მინისტრმა უპასუხა: „ლაბორატორიებზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, მაგალითად ახალციხეში გავაძლიერეთ და მაქსიმალურად აღვჭურვეთ თუ რამე იყო. შიდა ქართლში იმავენაირად, თევზის კომპონენტი სჭირდებოდათ და ეს არ არის მხოლოდ მევენახეობა, ეს ეხება სრულად აგრარულ მიმართულებას. იმერეთში მიდის გაფართოება და გამოცხადებულია ტენდერი გაფართოებაზე, კახეთში გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, პროექტი გვექნება 2-3 თვეში, წელს მშენებლობას დავიწყებთ და მაქსიმუმ 2028 წელს გაზაფხულზე სრულად გაწყობილი რესურსით გვექნება ლაბორატორია, ყველა რეგიონში უნდა იყოს ლაბორატორიები, სადაც სწრაფი პასუხები რასაც სჭირდება ანალიზებს იქვე მისცემენ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ცენტრალურად მოემსახურება თბილისი. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის თუ ხარისხიანი პროდუქციის მიღება გვინდა“.