
ყველა თავმოყვარე კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან|ვასილ მანაგაძე
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ვასილ მანაგაძის აზრით, ქართულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტზე უარი საკუთარი ნებით უნდა თქვან.
“ყველა თავმოყვარე ქართული კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან”, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც ინტერვიუს თემა რუსეთის მიერ ქართული ღვინის და სასმელების კომპანიისთვის ექსპორტის შეზღუდვა იყო.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც პრორუსმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ „შატო მუხრანისა“ და „ვინივერიას“ პროდუქციის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დასანქცირებული ქართული კომპანიების რიცხვი ათამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თუ თავდაპირველად რუსული მხარე მიზეზად ხარისხსა და სანიტარიულ ნორმებს ასახელებდა, მამუკა ფიფიას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკვე ღიად გაჟღერდა, რომ შეზღუდვების მეორე ტალღა კომპანიების მიერ უკრაინის მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უკავშირდება.
ვასილ მანაგაძის განმარტებით, შექმნილი ვითარება კლასიკურ ემბარგოს არ წარმოადგენს და პროცესის მიღმა ბაზრის შერჩევითი, მაფიოზური გადანაწილება იმალება.
„ეს არის რუსული თამაში, რუსული მითითება და აქ ახლა ხდება რეალურად გაცხრილვა - რომელი კომპანიები უნდა ჩამოაშორონ რუსეთის ბაზარს და მათი ადგილი ვინ უნდა გადაიბაროს. სანამ ეს „ემბარგო“ არ შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილის, უჩა მამაცაშვილის თუ ალეკო ივანიშვილის კომპანიას, იქამდე ეს არის რუსეთის ბაზრის მაფიოზური გადანაწილება,“ - აღნიშნა მანაგაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დასანქცირებულ მწარმოებლებს ხარისხის პრობლემა არ აქვთ და პოლიტიკური ნიშნით შევიწროების ფონზე, სახელმწიფო მათ ინტერესებს არ იცავს.
მისი თქმით, შექმნილ რეალობაში ერთადერთი სწორი ნაბიჯი ბიზნესის მხრიდან არასტაბილურ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების დასრულებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge