
Zoom-მა Anthropic-იდან $1 მილიარდის მოგება მიიღო
ტექნოლოგიურმა კომპანია Zoom-მა პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში მისმა შემოსავალმა $1.24 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5.5 პროცენტით აღემატება და უოლ-სტრიტის მოლოდინებს სრულად აჭარბებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $1.43 შეადგინა, ამჯერად დასახელებულმა მაჩვენებელმა $1.55-ს მიაღწია. ეს შედეგი კი ანალიტიკოსების წინასწარ პროგნოზებს სრულად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური მაჩვენებლების ზრდა მეტწილად ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში განხორციელებულ ადრეულ ინვესტიციას უკავშირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, Zoom-ის მიერ 2023 წლის მაისში, საკუთარი ფილიალის, Zoom Ventures-ის გაყიდვის ხარჯზე დაბანდებული $51 მილიონი 3 წლის თავზე თითქმის $1.3 მილიარდად იქცა. ამრიგად, კომპანიამ დასახელებული აქტივიდან $1 მილიარდზე ბევრად მეტი მოგება მიიღო.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ Anthropic-ში არსებული წილის ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სტარტაპი მომავალ კვირაში კიდევ ერთი დაფინანსების რაუნდის დასრულებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, $900 მილიარდად შეფასებული კომპანია დამატებით $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. პროცესს სათავეში Sequoia Capital-ი, Dragoneer Investment Group-ი, Altimeter Capital-ი და Greenoaks Capital Partners-ი ჩაუდგებიან. თითოეული მათგანი ამ რაუნდში $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. კაპიტალის ზრდაში მონაწილეობას კომპანიის არსებული პარტნიორები, Founders Fund-ი და General Catalyst ფონდებიც მიიღებენ.
რაც შეეხება თავად კომპანია Zoom-ის სამომავლო პროგნოზებს, წარმატებული კვარტალის ფონზე ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის ფინანსური მოლოდინები გაზარდა. მენეჯმენტის ვარაუდით, წლის განმავლობაში საერთო შემოსავალი $5.08 მილიარდიდან $5.09 მილიარდამდე იქნება. კორექტირებული მოგება კი თითო აქციაზე $5.96-დან $6.00-მდე განისაზღვრა. პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა აქციების გამოსყიდვის ახალი $1 მილიარდიანი პროგრამაც დაამტკიცა.
ცნობისთვის, Zoom-ის მიერ განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციის პირვანდელი მიზანი Anthropic-ის დიდი ენობრივი მოდელის, Claude-ის საკუთარ ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურაში ინტეგრირება იყო. საბოლოოდ კი ის Zoom-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დაბანდებად იქცა.
BM.GE
წყარო: bm.ge