
გუტერეში კვიპროსში ჩავიდა, კუნძულის გასაერთიანებლად ჩაშლილი მოლაპარაკებების აღსადგენად
ანტონიუ გუტერეში კვიპროსში ჩავიდა, რათა კუნძულის გასაერთიანებლად 2017 წელს ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკებები აღადგინოს. ეს გაეროს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია კუნძულზე 2010 წლის შემდეგ და ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფონზე იმართება. კერძოდ, ვიზიტს წინ უძღოდა ოქტომბერში ჩრდილოეთ კვიპროსში ჩატარებული არჩევნები, სადაც გაერთიანების მომხრე კანდიდატმა, თუფან ერჰურმანმა გაიმარჯვა.
ვიზიტის ფარგლებში გუტერეში კუნძულის ორივე თემის ლიდერს ცალ-ცალკე, ხოლო შემდეგ სამმხრივ ფორმატში შეხვდება. მიზანია, რომ მხარეებს შორის დიალოგი განახლდეს და კუნძულმა საერთო, ერთიანი სტრუქტურა მიიღოს. გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა კუნძულის ორზონულ და ორთემიან ფედერაციად გაერთიანებას უჭერს მხარს, რაც გულისხმობს ერთიან სახელმწიფოს, საერთო ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკას.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძული 1974 წლიდან მოყოლებული თურქეთის ინტერვენციისა და შემდგომში გამოცხადებული არაღიარებული რესპუბლიკის გამო გაყოფილია, ახალი პოლიტიკური დინამიკა იმედს აჩენს. მართალია, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი ფედერაციის ნაცვლად კვლავ „ორი სახელმწიფოს თანაარსებობის“ პრინციპს ამჯობინებს და ბოლო მასშტაბური მოლაპარაკებები შვეიცარიაში უშედეგოდ დასრულდა, კვიპროსის მთავრობა და საერთაშორისო დამკვირვებლები ცდილობენ, ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“ გამოიყენონ და ათწლეულების შემდეგ კუნძული ერთიანი და ძლიერი სტრუქტურის ქვეშ დააბრუნონ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge