
აშშ-სა და საუდის არაბეთის ძალებმა ერაყში პროირანულ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანეს
ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, 28 ივლისს განხორციელებული წერტილოვანი დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა „ტერორისტული“ ობიექტები, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის იყენებდა. ოპერაცია გახდა პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში დრონებით განხორციელებულ 30-ზე მეტ შეტევაზე, რომლებიც CENTCOM-ის მტკიცებით, წარუმატებელი აღმოჩნდა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია თავდაცვის მიზნით ჩატარდა მას შემდეგ, რაც ირანის მხარდაჭერილმა ძალებმა 28 ივლისს ერაყიდან საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე მიიტანეს იერიში, თუმცა დრონები მოიგერიეს. პარალელურად, პროირანული „სახალხო მობილიზაციის ძალების“ (PMF) გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა.
მოვლენების პარალელურად, CENTCOM-ის ცნობით, 28 ივლისს საღამოს ირანის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ჯარებზე მოულოდნელი თავდასხმა სცადეს და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, რომლებიც ასევე მოგერიებულია. ამასთან, ირანული სახელმწიფო მედია ირწმუნებოდა, რომ 28 ივლისს იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც განხორციელდა შეტევა.
აღნიშნულ ესკალაციამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთშეტევები შეჩერებული იყო. ამერიკული მხარე ირანისგან თავდასხმების სრულ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო მოქმედებების გაგრძელებით იმუქრება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge