
აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელიც საქართველოსაც ეხება, მუდმივს ხდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივს ხდის სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 50 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოდან, შესაძლოა 20 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოეთხოვოთ ვიზის მისაღებად.
ეს ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაშია მითითებული. ის ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც გაიცემა საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის.
შეტყობინებაში წერია:
"საკონსულო ოფიცრებს შეუძლიათ, ვიზის გაცემის პირობად, მოითხოვონ შესაბამისი არაიმიგრაციული ვიზის განმცხადებლებისგან 20 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს წარდგენა - ეს გადაწყვეტილება საკონსულო ოფიცრის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული".
ასევე აღნიშნულია, რომ:
"2025 წლის საპილოტე პროგრამამ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს ვიზის გირაოს პროგრამის ადმინისტრირების შესაძლებლობის შეფასების საშუალებას აძლევდა, საკმარისი მონაცემები მოაგროვა იმის დასადასტურებლად, რომ ეს პროგრამა ეფექტური საშუალებაა დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვიზის მფლობელების მიერ წესების დაცვის უზრუნველსაყოფად".
საპილოტე პროგრამის ფარგლებში დეპოზიტის ოდენობა შეიძლებოდა ყოფილიყო 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი. ახალი საბოლოო წესი აუქმებს 5 000-დოლარიან ვარიანტს და მაქსიმალურ თანხას 20 000 დოლარამდე ზრდის.
საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოდან შევა ძალაში, როდესაც ის ოფიციალურად გამოქვეყნდება Federal Register-ში. იმ 50 ქვეყნის სიიდან, რომელთა მოქალაქეებზეც ეს პროგრამა გავრცელდება, 30 ქვეყანა აფრიკაში მდებარეობს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამ პოლიტიკის მიზანია ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge