
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
დასავლეთ ალასკაში, დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს, ჩარტერულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ფედერალური ავიაციისა და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა.
Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა დაადასტურა, რომ ჩარტერული რეისით ორი პილოტი და ექვსი მგზავრი გადაადგილდებოდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დეტალურ გამოძიებას აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ჩაატარებენ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge