
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად
ერთი თვის წინ საქართველო ჩაბნელდა.
ჯერ - პირდაპირი მნიშვნელობით. ქვეყნის ელექტროსისტემა მოულოდნელად პარალიზებული აღმოჩნდა. რამდენიმე საათში გაჩერდა მეტრო, შეფერხდა რკინიგზა, ქალაქები და სოფლები უშუქოდ დარჩა. მიზეზების შესახებ კი დღემდე არ მოგვისმენია ისეთი დამაჯერებელი განმარტება, რომელიც ამ მასშტაბის ავარიას და მის შედეგებს ბოლომდე ახსნიდა.
იმ რამდენიმე საათმა მტკივნეული მეხსიერება მყისიერად გააცოცხლა - ოთხმოცდაათიანი წლების უშუქობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, სახელმწიფოებრივი უძლურება და განუკითხაობა.
შემდეგ საქართველო უკვე პოლიტიკური მნიშვნელობით ჩაბნელდა.
დადგა პოლიტიკური აგვისტო - თვე, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსეთის აგრესიის მორიგ წლისთავს ტრადიციულად არა პუტინისა და რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრით, არამედ წინამორბედ ხელისუფლებაზე ანგარიშსწორებით აღნიშნავს.
თუმცა წლევანდელი აგვისტო ამ მხრივ "ქართული ოცნების" ისტორიაშიც გამორჩეული აღმოჩნდა. ანგარიშსწორების კვირეული თვითმტრობის ერთთვიან კამპანიად გადაიქცა.
დავიწყეთ ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულების ძველი ნარატივით და მივედით საქართველოში რუსოფობიის თითქოს ეპიდემიურ გავრცელებაზე თვითბრალდებასა და აღიარებამდე. გზად კობახიძისგან მოვისმინეთ გეორგიევსკის ტრაქტატის ქება - რუსული იმპერიული ვერსია, თითქოს სწორედ ამ ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველო და ქართველები.
შემდეგ უკრაინის დარტყმებით რუსეთში შექმნილ საწვავის კრიზისსაც "შევეშველეთ" და ვითომ ჰუმანიტარული მისიით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტები შევიტანეთ.
ამას მოჰყვა ქართველი ბლოგერის სამართლებრივი დევნა რუსული პროპაგანდის ყველაზე საზიზღარი სახეების - მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის - შეურაცხყოფისთვის. ახლა კი დააკავეს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც რუსეთის მიერ ძებნილთა სიაშია.
ცალ-ცალკე აღებული თითოეული ეს ფაქტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აიხსნას. ერთად კი ისინი უკვე ერთ დიდ სურათს ქმნიან.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველო რუსული მედიის სათაურებში/ჰედლაინებში უწყვეტად ფიგურირებდეს - უფრო ზუსტად კი, იქ მუდმივად ხვდებოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კრემლის ყურისთვის სასიამოვნო განცხადებები და გადაწყვეტილებები.
გიორგი ბარამიძის დაკავებამ რამდენიმე ათასი ქოცი შეიძლება გაახაროს. მაგრამ ეს ფაქტორი, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არც გადამწყვეტი მიზეზია და არც საკმარისი პოლიტიკური სარგებლის მომტანი.
მითუმეტეს - ქოცებსაც კი შეუძლებელია სიამოვნებდეთ მარგარიტა სიმონიანის ადვოკატობა - იმ სიმონიანისა, რომელმაც ერეკლე მეორე რუსეთის წინაშე მუხლებზე დაჩოქილ მათხოვრად წარმოაჩინა და ქართული ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა რუსული იმპერიული გულუხვობის მტკიცებულებად შემოგვასაღა.
შიდა მოხმარება აქ მეორადი მიზანია. მთავარი აუდიტორია მოსკოვშია.
ყველაფერი კრემლის ყურის მოსარბილებლად და მოსათვინიერებლად კეთდება.
რატომ ახლა?
როგორც ჩანს, გამკაცრდა არა მხოლოდ კრემლის მოთხოვნების ენა, არამედ იმ პირობებისა და მოლოდინების შესრულების აუცილებლობაც, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსკოვს წლების განმავლობაში თავად შეუქმნა.
პუტინს უჭირს. რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირება ესკალაციის სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. ასეთ დროს რუსეთს აღარც დიდი მოთმინება აქვს და აღარც გამოუყენებელი რესურსების დატოვების ფუფუნება. მისთვის ყველა შესაძლებლობა მაგიდაზე უნდა დაიდოს და მიზნის მისაღწევად ამოქმედდეს.
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო, რუსეთს სწორედ ასეთ რესურსად მიაჩნია.
ამ რესურსის სრულად ასამუშავებლად კი მოსკოვი ზეწოლას აძლიერებს.
რა ხდება კულისებს მიღმა, არ ვიცით და არც მკითხაობას ვაპირებ. არ გვაქვს მტკიცებულება, რომელიც აგვისტოში ელექტროსისტემის ორჯერ სრულ პარალიზებას პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას, ან რუსულ სპეცოპერაციას დაუკავშირებდა. ამიტომ ამას ფაქტად ვერ მივიღებთ.
მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ სხვა რამ: ასეთი მასშტაბის ავარიის შემდეგ ხელისუფლების ბუნდოვანი და არადამაჯერებელი განმარტებები კითხვებს კი არ პასუხობს - ეჭვებს აძლიერებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ენერგეტიკული "პარალიჩის" შემდეგ პოლიტიკური მოვლენებიც ერთი მკაფიო მიმართულებით ლაგდება.
საეჭვო აღარ არის ისიც, რომ რუსეთში, საქართველოსთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა გააქტიურებულია. ამას საჯაროდ და დაჟინებით იმეორებს ქართულგვარიანი რუსი პროპაგანდისტი ფიფია - კრემლის სპეცოპერაციული თამაშის ერთ-ერთი ფიგურანტი.
ამავე დროს, ივანიშვილის ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო დანაყოფის მეთაურად და რუსეთში თითქოს "ქართული ინტერესების" წარმომადგენლად გვევლინება.
ის უკვე აღარ არის ივანიშვილის ოჯახის მფარველობის ქვეშ მყოფი ყოვლისშემძლე ნათელმირონი. ეს არის კაცი, რომელსაც თავად ივანიშვილის ხელისუფლება დღეს მკვლელობის ორგანიზატორად და სახელმწიფო დამნაშავე "ნაძირალად" მოიხსენიებს.
ანუ მოსკოვში, მნიშვნელობა არ აქვს - სპეცსამსახურის, სამხედრო უწყების თუ სხვა სტრუქტურის დონეზე - მიიღეს გადაწყვეტილება, ივანიშვილის მიერ ოფიციალურად დამნაშავედ გამოცხადებული პირი არა მხოლოდ შეეფარებინათ, არამედ მისთვის პოლიტიკური და სამხედრო ფუნქცია მიენიჭებინათ. შეიძლება ეს წოდებები და ეპოლეტები ჩვენთვის კომიკურად გამოიყურებოდეს, მაგრამ კომიკური სულაც არ არის მათი დანიშნულება.
სწორედ ფარცხალაძეს გააჟღერებინეს ერთი შეხედვით მარგინალური, მაგრამ თავისი არსით სრულიად მკაფიო იდეა - ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი და საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ დაბრუნება.
ვისთვის არის ასეთი ალგორითმი მოულოდნელი?
ჩვენთვის, ვინც ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოვდივართ, ნამდვილად არა.
კარგად გვახსოვს კრემლის მიერ წახალისებული კონკურენცია რუსული გავლენის ადგილობრივ ჯგუფებს შორის - ბრძოლა კრემლის იარლიყისთვის, მოსკოვის ერთადერთი სანდო პარტნიორისა და ფავორიტის სტატუსისთვის. განსხვავება მხოლოდ შემსრულებელთა ხარისხშია.
რბილად რომ ვთქვათ, დეგრადაცია შთამბეჭდავია.
ბოტასების ქურდი ფარცხალაძე-რომანოვის კაგებეს გენერალ იგორ გიორგაძესთან შედარებაც კი პირადად მე ღიმილს მგვრის. თუმცა ღიმილი სწრაფად ქრება, როდესაც ვაკვირდები, რა მდგომარეობაში ხვდება საქართველო ამ მორიგ რუსულ თამაშს.
ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით შექმნა რეპრესიული ქაოსი და პოლიტიკური დაპირისპირება; უკიდურესად გაამწვავა ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან; სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია. ამის შემდეგ კი რუსეთის მანევრების გასანეიტრალებელი რესურსების მოძიება ხელისუფლების სურვილის შემთხვევაშიც კი ურთულეს ამოცანად იქცევა.
მარტივად რომ ვთქვათ: ბოლო ერთი თვის ფაქტები მოსკოვიდან ივანიშვილზე ზემოქმედების უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლაზე მიუთითებს. ივანიშვილის საპასუხო თუ წინმსწრები რეაქციებიც ამიტომ უნდა წავიკითხოთ არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული ლოგიკით, არამედ როგორც კრემლისთვის ლოიალობის დემონსტრირება.
ამ დიდი თამაშის ნაწილია თუ არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ივანიშვილის სხვა ყოფილი ქვეშევრდომების დისკრედიტაციის, რეპუტაციული განადგურებისა და, მარტივად რომ ვთქვათ "დაფერთხვის" - ფულის წართმევისოპერაცია?
ნაწილობრივ - კი.
ოღონდ არა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი, ან ლილუაშვილი ამერიკელების, ფრანგების, ბრიტანელების თუ მითიური "დიფ სთეითის" აგენტები იყვნენ.
განსაკუთრებით ღარიბაშვილის შემთხვევაში "ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორობა უფრო ადვილად წარმოსადგენია, ვიდრე მის მიერ ქართული აქცენტით თავისუფლების ჰიმნის - "მარსელიოზის" შესრულება.
არა, ახსნა გაცილებით მარტივია.
საგამოძიებო ჟურნალისტიკაში არსებობს ერთი კლასიკური პრინციპი: follow the money - მიჰყევი ფულს.
ივანიშვილი რუსეთიდან მომავალ საფრთხეს სპეცოპერაციების კონტექსტში უყურებს. ყველა დანარჩენ პოტენციურ საფრთხეს კი იქ ხედავს, სადაც შეიძლება მის მიერ არაკონტროლირებადი ფინანსური რესურსი დაგროვდეს.
სწორედ ასეთ დამოუკიდებელ ფინანსურ ცენტრებად ჩამოყალიბდნენ ბოლო წლებში ღარიბაშვილი და ლილუაშვილი. ამ შიშებზე ეფექტური კაპიტალიზაცია მოახდინა კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა და ივანიშვილის გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა.
თუმცა პატრონის შიშებით მანიპულირებისას აქაც რუსეთის ფაქტორი გამოიყენეს. ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმეში "ასავალ-დასავალის" მონაწილეობით წარმოებული ანტიბიძინური კამპანიის შეტანა შემთხვევითი არ ჩანს. აზერბაიჯანული მედიით ღარიბაშვილის "მაკრონის აგენტად" შემოგდებაც ძირითადად შიდა მოხმარების "თეთრი ხმაურია" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის ყოფილი მინიკერპის მსხვრევის ასახსნელად და შელახული ქოცური პატივმოყვარეობის ჭრილობაზე იაფფასიანი მალამოს გადასასმელად.
ივანიშვილის გამახვილებული მზერა ახლა მოსკოვისკენაა მიპყრობილი. დანარჩენი - პოლიტიკური დაჭერები, ყოფილი ფავორიტების განადგურება, ქონებების გადანაწილება და მოღალატეების ყოველდღიური გამოვლენა - ამ მთავარი შიშის გარშემო მიმდინარე შიდა ოპერაციებია.
ასეთია ჩემი ვერსია.
შესაძლოა, ამ ჯაჭვის ყველა რგოლი ერთმანეთთან პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული. შესაძლოა, კულისებს მიღმა ზოგი რამ სხვაგვარად ვითარდებოდეს. მაგრამ ერთი რამ უკვე ზედაპირზეც მკაფიოდ ჩანს: ხელისუფლების გადაწყვეტილებები სულ უფრო ნაკლებად ემსახურება საქართველოს მოქალაქისთვის რაღაცის ახსნას და სულ უფრო მეტად - მოსკოვისთვის რაღაცის დამტკიცებას.
დამტკიცებას, რომ საქართველო ისევ გამოსაყენებელი რესურსია.
რომ ხელისუფლება მზად არის ისტორია გადააკეთოს, ოკუპანტი გაამართლოს, საკუთარი მოქალაქე დასაჯოს, ყოფილი თანაგუნდელები გაძარცვოს და პოლიტიკური მოწინააღმდეგე სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადოს - ოღონდ კრემლში არ დაეჭვდნენ, ვის მხარეს დგას ივანიშვილი.
რას იღებს ამით ქვეყანა?
რას კარგავს?
სუვერენულ არჩევანს, საერთაშორისო მეგობრებს, თავდაცვის უნარს, სახელმწიფოებრივ ღირსებას და დროს, რომელიც შესაძლოა საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სწრაფად ამოწურვადი რესურსი აღმოჩნდეს.
ერთი თვის წინ საქართველო ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჩაბნელდა.
მას შემდეგ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სიბნელე მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვის მოგონებად არ დარჩეს.
და თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ ბოლო ერთი თვის ერთი შეხედვით ქაოსური, არალოგიკური და თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებები სინამდვილეში სრულიად თანმიმდევრულია:
საქართველო ზიანდება, რათა ივანიშვილმა კრემლს საკუთარი ერთგულება დაუმტკიცოს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge