
პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენა მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ბელგიის ფედერალური პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და 2024 წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მცდარი იყო.
„მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას“, - განაცხადა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასთან კომუნიკაციის აღდგენაში ბელგიელი კოლეგებიც დაეხმარებიან.
პაპუაშვილის განცხადებით, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის მნიშვნელობა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატას, შევხვდით მათ პრეზიდენტებს. პირველ ყოვლისა, საუბარი გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ორ პარლამენტს შორის კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა. ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი. 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში და გავიხსენეთ ის ვიზიტიც. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია, მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. ამ კონტექსტში საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე.
ამასთან, ვისაუბრეთ ევროკომისიის 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ არის მცდარი გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველოდებით ამ დიალოგის აღდგენას. ამიტომ, კოლეგებთან ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან და იმედი გვაქვს, ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge